დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, შეიძინეს 135 ათასი დოზა ოთხვალენტიანი ვაქცინა, რომლის 25 ათასი დოზა უკვე განაწილებული თბილისსა და რეგიონებზე.
„გურია ნიუსი“ ოზურგეთის კლინიკა „მედალფას“ ხელმძღვანელს, დავით მდინარაძეს ესაუბრა.
კითხვაზე, შემოვიდა თუ არა გურიაში გრიპის ვაქცინა ან როდის შემოვა, რომელ კლინიკაში და რომელ ჯგუფებს გაუკეთდება, მან ასეთი კომენტარი გააკეთა:
_ 20 ოქტომბრის შემდეგ, ჩვენ ყოველდღე ველოდებით გრიპის ვაქცინას. კლინიკაში ჩვეულებრივად გვექნება აცრების ოთახი, სადაც მოქალაქეებს ჩაუტარდებათ აცრა.
_ ვის ჩაუტარდება უფასო აცრა?
_ თავდაპირველად დაიწყება რისკჯგუფების აცრა. უფასო აცრა სწორედ მათ ჩაუტარდებათ. ესენია: ხანდაზმულები, ორსულები, „ც“ ჰეპატიტის მკურნალობაზე მყოფი პაციენტები, აივ ინფიცირებულები და სხვა.
„გურია ნიუსი“ ასევე ეწვია ქალქში განთავსებულ სხვადასხვა სააფთიაქო ქსელს.
როგორც ჩვენ გვითხრეს, რომ გასულ წელს გრიპის ვაქცინა ოზურგეთში მხოლოდ „ფარმა დეპოს“ ჰქონდა. დანარჩენებს ის არ მიუღიათ და არც მოთხოვნა ყოფილა.
გურიის ქუჩაზე მდებარე „ფარმა დეპოს“ წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ წელს მათ გრიპის ვაქცინა არ მიუღიათ.
_ გვქონდა მხოლოდ გასულ წელს. ისიც გამოწერით, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ დაკვეთით ვინც შემოვიდოდა, მერე ვაგზავნიდით მოთხოვნას. წელს ჯერ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. არც ვაქცინა გვაქვს. რა მოხდება უახლოეს მომავალში, ვერ გეტყვით, _ გვითხრეს აფთიაქში.
„გურია ნიუსთან“ არაერთმა მოქალაქემ, რომლებმაც შარშან ვაქცინა გაიკეთეს, აღნიშნა, რომ ვაქცინით კმაყოფილია, თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც უკმაყოფილებას გამოხატავენ.
_ გავიკეთე შარშან, მაგრამ გრიპი მაინც დამემართა. რა აზრი აქვს გაკეთებას, თუ არ დამიცავს? _ თქვა რამდენიმე მოქალაქემ.