დღეს მერის წინადადების საფუძველზე ლანჩხუთის საკრებულომ რიგგარეშე სხდომა გამართა, რომელსაც ადგილობრივი საკანონმდებლო უწყების პირველი პირი ბესიკ ტაბიძე უძღვებოდა.
დღის წესრიგი მხოლოდ ერთ საკითხს მოიცავდა და ის მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილების განხორციელებას ეხებოდა. საკითხი დეპუტატებს მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა როლანდ ლაშხიამ გააცნო და საკრებულოს წევრთა მხრიდან მხარდაჭერაც მიიღო.
გაირკვა, რომ საკრებულოს დასტურით ბიუჯეტის როგორც შემოსავლის, ისე ხარჯვის ნაწილში ასასახია ის თანხები, რომელიც მუნიციპალიტეტს მთავრობის განკარგულებით ერგო. კერძოდ, 1 500 000 ლარი, რომელიც სტიქიის შედეგად დაზიანებული გზების სარეაბილიტაციოდ მიიმართება და 24 7000 ლარი, რაც განათლების ობიექტების რეაბილიტაციისთვისაა გათვალისწინებული.
მერიისვე წინადადებით, უწყებისთვის მაღალი წარმადობის კომპიუტერის შესაძენად თანადაფინანსებისთვის 3917 ლარი არაფინანსური აქტივების მუხლიდან მიიმართება.
ვალუტის კურსის ცვლილების გამოისობით 4300 ლარით გაიზარდა მუნიციპალური ვალდებულებების მომსახურებები და დაფარვა. წლის მიწურულს ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილების თანახმად იზრდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დაფინანსებაც. კერძოდ, უწყებას 9500 ლარი ემატება საქონელი და მომსახურების მუხლისთვის, 3000 ლარი კი-შრომის ანაზღაურების მუხლისთვის. სახელფასო ანაზღაურების მუხლში მატებაა სამხედრო გაწვევის სამსახურში, რისთვისაც ბიუჯეტიდან დამატებით 1900 ლარი მიიმართება.
როლანდ ლაშხიას მიერ გაკეთებული განმარტებების მიხედვით სოფელ აცანის ამბულატორიის ქსელში მიერთების დაფინანსების მიზნით 800 ლარით გაზრდას საჭიროებს ჯანდაცვის ობიექტების რეაბილიტაციისთვის განკუთვნილი თანხა.
10 ათასი ლარით გაიზარდა საახალწლო ღონისძიებების დაფინანსება, ხოლო გარე განათების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის დასაფინანსებლად მერიის წინადადებით, დამატებით ბიუჯეტიდან შვიდი ათასი ლარის მობილიზება გახდა საჭირო.
40 ათას ლარიანი ზრდა შეეხო სამკურნალო და საოპერაციო ხარჯების დახმარების პროგრამას. იზრდება ქალთა საფეხბურთო კლუბის დაფინანსება 29 200 ლარით. აქედან 4200 ლარი შტატით მომუშავეთა დასაფინანსებლად, ხოლო 25 ათასი ლარი მწვრთნელებისა და ფეხბურთელების წახალისებისთვის მიიმართება.
აღნიშნული ხარჯების დაფინანსების უზრუნველყოფის მიზნით, როგორც მერია განმარტავს, ჯარიმებისა და სანქციების შემოსავლის ზრდის ხარჯზე ბიუჯეტის შემოსავლის ნაწილი 109 617 ლარით.