რუსეთის ფედერაციისა და აფხაზეთის საოკუპაციო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ცოტა ხნის წინ, შეთანხმდნენ ე.წ. ”საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამაზე”.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს და არ ცნობს ამ “პროგრამის” მიღებას და ასეთ ქმედებებს მიიჩნევს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის კიდევ ერთ მცდელობად.
“რუსეთის ფედერაცია განაგრძობს აგრესიას მეზობელი სახელმწიფოების მიმართ და მათი სუვერენული ტერიტორიების ოკუპაციას, უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს, თანმიმდევრულად და მიზანმიმართულად აფერხებს საერთაშორისო და რეგიონალურ უსაფრთხოებას.
რუსეთის ფედერაციის ეს ქმედებები უარყოფითად აისახება ჰუმანიტარულ ვითარებაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვნად უარესდება გაეროს გენერალური ასამბლეის 2008-2020 წლებში მიღებული რეზოლუციების შესრულება იძულებით გადაადგილებულ პირთა და აფხაზეთიდან დევნილთა მდგომარეობის შესახებ.
უკრაინა თანმიმდევრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთმა უნდა შეაჩეროს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების უკანონო ანექსიის პროცესი და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები”,_ ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.