ვიცით, რომ დეპრესია და ტვინის ქსოვილის ანთება ხშირად ერთდროულად იჩენს ხოლმე თავს, თუმცა დეპრესია იწვევს ანთებას, თუ ანთება – დეპრესიას, კვლავ უცნობია.
ახალი კვლევა ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში დაგვეხმარება. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მათ შეეძლოთ გენეტიკური მანიპულაციებით ეკონტროლებინათ თაგვების ტვინში არსებული იმუნური სისტემის რეცეპტორები, ამით კი შეეძლოთ მოეხდინათ გავლენა იმაზე, თუ რამდენად მგრძნობიარე იქნებოდა თაგვის ტვინი სტრესის მიმართ.
როდესაც მეცნიერებმა ტვინი სტრესის მიმართ მგრძნობიარე გახადეს, სტრესულ პერიოდში ტვინში მიმდინარე იმუნური პასუხი შეამჩნიეს, რომელიც ნეირონების ფუნქციას აქვეითებდა და ტვინის ქსოვილის ანთებას იწვევდა, რაც საბოლოოდ დეპრესიაში გადაიზრდებოდა. ეს ჯაჭვისებური რეაქცია, სავარაუდოდ, ადამიანებშიც იმავე მიმდევრობით მიმდინარეობს.
კვლევის შედეგები მიგვანიშნებს, რომ დეპრესია ისეთივე ნეიროდეგენერაციული დაავადებაა, როგორიც – ალცჰაიმერი ან პარკინსონი.
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანისა და თაგვის ტვინი საკმაოდ განსხვავდება, მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს შედეგები მათ დეპრესიასთან ბრძოლის ახალი ხერხების შემუშავებაში დაეხმარებათ.
შესაძლოა, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სტრესით გამოწვეული დეპრესია აქვთ, ბევრად უფრო ეფექტიანი აღმოჩნდეს წამლები, რომლებიც ტვინის იმუნურ პასუხზე იქნება მორგებული, ვიდრე სეროტონინი და დოპამინი, რომლებზეც გათვლილია სტანდარტული ანტიდეპრესანტები.