გურიაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ყოველდღე ფიქსირდება.
ინფიცირება დაფიქსირდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებშიც.
„გურია ნიუსმა“ სცადა იმის გარკვევა თუ რა ვითარებაა გურიაში არსებულ სკოლებში.
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არსებული სკოლებიდან ზემო ნატანებისა და თხინვალის სკოლები გადაყვანილია სრულად დისტანციურ სწავლებაზე. თხინვალის სკოლაში 5 მასწავლებლის ინფიცირების შემთხვევა გვქონდა.
ჰიბრიდულ სწავლებაზეა გადასული ქვემო ნატანების I-XII კლასები, ლიხაურის I-IV კლასები, ცხემლისხიდის XII-ე კლასი, მესამე საჯარო სკოლის V კლასი, მაკვანეთის XI კლასი, მშვიდობაურის III კლასი“,_ გვითხრა სიმონიშვილმა.
ოზურგეთის გარდა ინფცირების შემთხვევები გამოვლენილია ჩოხატაურის და ლანჩხუთის სასწავლო დაწესებულებებშიც.
ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, ნატო ჯიბუტი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მიუხედავად გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებისა, სასწავლო დაწესებულებები ახერხებენ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეგულაციების დაცვას.
„ჩოხატაურში ეპიდვითარება ზომიერად მზარდია. სკოლები გაცემული რეკომენდაციების დაცვას ახერხებენ, რომ ვერ ახერხებდნენ ინფიცირების უფრო მეტი შემთხვევა გვექნებოდა. მით უმეტეს როცა იყო გამოცდილება იმისა, რომ ბავშვებს შორის დაავადება გაგვივრცელდა და ამის მერე უფრო მეტი მობილიზება აქვთ სკოლებს და უფრო მეტად იცავენ რეკომენდაციებს. ამ დროისთვის დაინფიცირებულია 2 მასწავლებელი კოხნარის საჯარო სკოლაში.
ბავშვებს შორის ინფიცირების შემთხვევები 3 სკოლაშია დაფიქსირებული. კერძოდ, სამრევლოს სკოლაში, შუა ამაღლების და პირველ საჯარო სკოლაში დაფიქსირდა ბავშვის დაინფიცირების შემთხვევა ოჯახიდან“,_ ამბობს ჯიბუტი.
რაც შეეხება ლანჩხუთის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ ეპიდვითარებას, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნატო მენაღარიშვილის თქმით, მოსწავლეებს შორის კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირებული არ არის. ვირუსი დაუდასტურდა აკეთის თემის ერთ-ერთ სკოლაში 2 მასწავლებელს, რომლებიც ერთი ოჯახის წევრები არიან.
„ინფიცირების წყარო სკოლა არ არის და ოჯახურ შემთხვევას უკავშირდება. ინფიცირებული პედაგოგები ცოლ-ქმარი არიან. რაც შეეხება სკოლაში არსებულ მდგომარეობას, სწავლის შეწყვეტის აუცილებლობის საკითხი არ დგას და დისტანციურ სწავლებაზე მხოლოდ რამდენიმე კლასი გადავიდა“,_ გვითხრა მენაღარიშვილმა.