ნოემბერში გადავიარეთ მეხუთე ტალღის პიკური პერიოდი, ახლა რესპირატორული ვირუსები აქტიურდება და თავისუფლად შეიძლება, ისევ გვქონდეს ზრდის ტენდენცია, თუ არ დავიცავთ რეკომენდაციებს, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.
გამყრელიძე აღნიშნავს, რომ კორონავირუსის ყოველდღიურ შემთხვევათა რაოდენობა ნელი ტემპით კლებულობს.
„გიდასტურებთ, რომ ყოველდღიურ შემთხვევათა რაოდენობა ნელი ტემპით კლებულობს. ყოველდღიურ შემთხვევათა რაოდენობა მერყეობს 3 500-4 500 შორის, აღარ არის 5 000-6 000 და ა.შ. ასევე, უკვე სტაბილურად რვა პროცენტს ჩამოცდა ბოლო ორი კვირაა დადებითობის მაჩვენებელი. მნიშვენელოვანია, რომ ეს ტენდენცია მყარად გრძელდება ბოლო დღეებია, მაგრამ ნიშნული მაინც მაღალია. ნახტომისებური, რადიკალური შემცირება არ გვაქვს, გვაქვს ნელი ტემპით, მაგრამ შემცირება და სტაბილიზაციისკენ სვლა არის მაღალ ნიშნულზე. ეს არავითარი დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, რადგანაც 3 500 ახალი შემთხვევა ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის ძალიან მაღალია. თუ რას უკავშირდება ეს – თანდათან, მაინც აცრების მაჩვენებელი იზრდება, თვითონ ვირუსს აქვს გარკვეული ციკლური მიმდინარეობა, ყველა შტამს; ჯერჯერობით ახალი შტამი „ომიკრონი“ საქართველოში არ გამოჩენილა და ყველა ეს ფაქტორი ერთობლიობაში ხელს უწყობს იმას, რომ ნელი სტაბილიზაციისკენ სვლა გახლავთ; მაგრამ ეს არ არის დამშვიდების საფუძველი, რადგანაც ციფრები მაინც მაღალია. ჩვენ ნოემბერში გადავიარეთ მეხუთე ტალღის პიკური პერიოდი. ახლა ზამთრის პერიოდია, რესპირატორული ვირუსები აქტიურდება და თავისუფლად შეიძლება, რომ ისევ გვქონდეს ზრდის ტენდენცია, თუ არ დავიცავთ იმ რეკომენდაციებს, რაზეც ვსაუბრობთ და სამწუხაროდ, არ ვიცავთ. პირბადის ტარების მაჩვენებელი ისევ დაბალია ქვეყანაში, კვლავ ინიშნება დიდი შეკრებები სხვადასხვა მიზეზით, აცრების მაჩვენებელი მომატებულია დეკემბერში, 10 დან 11 000-მდეა ყოველდღიური, მაგრამ ეს არასაკმარისია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძის თქმით, სიკვდიალიანობა არ შემცირდება, ვიდრე ყოველდღიური ახალი შემთხვევების რაოდენობა არ ჩამოვა 1 000-ს ქვემოთ.
წყარო:1tv.ge