საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სასამართლო დარბაზიდან მისი სამშობლოში დაბრუნების საქმეზე ბრალდებულ 4 პირს მიმართა და ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ რამდენიმე თვეა, იჩაგრებიან.
მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ არცერთ მათგანს არ იცნობდა.
“მე მინდა ვუთხრა მათ, ჯერ ერთი დიდი მადლობა, იმისთვის, რომ არიან წესიერი, მშრომელი, ქართველი ადამიანები და ბოდიში მინდა მოვუხადო მათ, რომ ჩემ გამო რამდენიმე თვე, ეს ძალიან წესიერი ხალხი, რომელიც უბრალოდ თავისი შრომით ირჩენს, ყოველდღიურ პურს მოიპოვეს, დააკარგვინეს ეს დრო. მე თავიდანვე მოვუწოდე მათ, რომ ყველაფერს, რასაც ეტყოდნენ დაეწერათ, იმიტომ, რომ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და მე კიდევ ერთხელ ბოდიში მოვუხადო, რომ ჩემ გამო ადამიანები დაიჩაგრნენ. მე ყველაზე უკანასკნელი რაც მინდოდა, ყოფილიყო ის, რომ ეს ადამიანები ყოფილიყვნენ რაღაცნაირად დაჩაგრული. ხომ ხედავთ, მე თვითონაც არ ვიცნობ ჩემ თანამზრახველებს, რეალურად არც გამიგია ვინ არის გიორგი ნარიმანიძე ცხოვრებაში, წოწორიებიც ვიცი ტელევიზორიდან”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნების საქმეზე ბრალი კიდევ 4 პირს – ელგუჯა ცომაიას, ზურაბ წოწორიას, შალვა წოწორიასა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული. ამ საქმის გამოძიება პროკურატურამ ოქტომბერში, მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაიწყო.
წყარო: mtavari.tv