დღეს, 18 მაისს ბოლო ზარი დაირეკა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მეოთხე საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასელთათვის. ამ დღის აღსანიშნავი მოკრძალებული ღონისძიება მეოთხე საჯარო სკოლელებმა მესამე საჯარო სკოლის ეზოში გამართეს, რადგან ყოფილი რუსული სკოლის მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესები, დაახლოებით, ერთი წელია მესამე საჯარო სკოლის შენობაში, მეორე ცვლაში უტარდებათ, ვინაიდან მათ მშობლიურ, მეოთხე საჯარო სკოლაში კაპიტალური რემონტი მიმდინარეობს. მეთორმეტე კლასელებმა თანატოლებს მაისურებზე სამახსოვრო წარწერები გაუკეთეს, მოისმინეს მასწავლებლების გამოსამშვიდობებელი თბილი სიტყვები, მშობლების მხრიდან მადლიერების გამომხატველი მიმართვები. იყო ფერადი ბუშტები, ზღვა ემოცია, სიხარულის ცრემლები.
,, სკოლიდან ვაცილებთ საუკეთესო კლასს, გამორჩეულ ახალგაზრდებს, 25 მოსწავლიდან ხუთი ოქროს მედალოსანი გვყავს, ნამდვილი ოქროს მედალოსანი- გიორგი ვეკუა, ლიკა არუთუნიანი, საბა კვეტენაძე, ჟანა ამირხანიანი, ბესო გოგეიშვილი. ყველა კურსდამთავრებულს ვულოცავ სკოლის დამთავრებას და წარმატებას პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში”.- ,, გურია ნიუსთან” საუბრისას განაცხადა კლასის დამრიგებელმა, მანანა ვეფხვაძემ.
,, მადლობა მინდა, გადავუხადო მეოთხე საჯარო სკოლის დირექტორს, ნუგზარ კუციას, პედაგოგებს იმ უდიდესი დამსახურებისთვის, რაც მათ ჩვენი შვილების სწავლა- განათლებაში ჩადეს. ეს ის სკოლაა, რომელიც მოსწავლეებს არ განასხვავებს წარმომავლობის და ოჯახისშვილობის მიხედვით. ეს სკოლა თანაბრად უნაწილებს ყველა მოსწავლეს ზრუნვას. მე გიორგი ვეკუას მამიდა ვარ. მას ამ სკოლიდან საუკეთესო ცოდნა და ოქროს მედალი მიაქვს. ვულოცავ ჩემს ბიჭს და მის თანაკლასელებს სკოლის დამთავრებას. დარწმუნებული ვარ, გიორგი ვეკუა ამ ცოდნით ეროვნულ გამოცდებზეც გვასახელებს”,_ განაცხადა ,, გურია ნიუსთან” ეთერ ვეკუამ.
ავტორი