“2025 წლის 18 თებერვალს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო ახალი უკიდურესად რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც დანაშაულად აცხადებს და 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით სჯის ივანიშვილის ხელისუფლების თანხმობის გარეშე უცხოეთიდან მიღებულ ნებისმიერი სახის სახსრებს. თუნდაც ისინი ჩვეულებრივი კანონით დაშვებული მომსახურების გაწევის ანაზღაურების მიზნით იქნეს გაცემული და მიღებული”,_ აცხადებს საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო.
ორგანიზაციის განცხადებით, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი მუხლი „ექსტრემიზმი საქართველოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“, რომლის ფართო და ბუნდოვანი ფორმულირებები ზრდის კრიტიკული აზრის გამო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის და შერჩევითი გამოყენების რისკს.
“ეს სიახლე პოტენციურ დამნაშავეებად აქცევს ჟურნალისტებს, ექსპერტებს, სამოქალაქო აქტივისტებს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და საერთოდ ნებისმიერ ადამიანს, რომლის მოსაზრებებიც შეიძლება ხელისუფლებაში მყოფთ არ მოეწონოთ”,_ აცხადებს საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო.
































































