ექსპერტები გვირჩევენ, რომ წელიწადნახევარიდან სამ წლამდე, ბავშვის ქცევაში ყურადღება მიაქციოთ გამაფრთხილებელ ნიშნებს, რომლებიც შესაძლოა, აუტიზმის განვითარებაზე მიგვანიშნებდეს.
აუტიზმი თანამედროვე ცივილიზაციის მოვლენაა – გასულ საუკუნეში ის იშვიათ გვხვდებოდა. ახლა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ასიდან ერთ ბავშვს ფსიქიკური განვითარების დარღვევები აქვს, რომლებიც პრობლემებს კომუნიკაციაში, ქცევასა და სოციალურ ადაპტაციაში იწვევს – მეცნიერულად მას აუტისტური სპექტრის აშლილობად (ASD) მოიხსენიებენ.
ეს ტერმინი მრავალ დარღვევას გულისხმობს, რომლებიც ადრე ცალკე დიაგნოზებად ყალიბდებოდა: აუტიზმი, ადრეული ბავშვობის აუტიზმი, ასპერგერის სინდრომი და ა.შ.
აშლილობის მიზეზები ბოლომდე ამოხსნილი არ არის. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვერსიით, მასზე გავლენას გენეტიკური მიდრეკილება და ნერვული სისტემის განვითარებაში წარმოქმნილი დარღვევები ახდენს. ასეთ ადამიანებს შორის ინტელექტუალური განვითარების დონე ძალიან განსხვავებულია – ღრმა გონებრივი ჩამორჩენილებიდან მაღალგანვითარებული ინტელექტის დონემდე.
დანამდვილებით ცნობილია, რომ აუტიზმის სპექტრის აშლილობას მედიკამენტებით ვერ მკურნალობენ, საჭიროა რთული ფსიქოკორექციული მუშაობა. და რაც უფრო ადრე დაიწყება, მით უკეთესი იქნება შედეგი. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის თავისებურებების დროულად შენიშვნა და დახმარებისთვის სპეციალისტების ჩართვა.

































































