მარჯანიშვილის თეატრიდან მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი გაათავისუფლეს – გავრცელებული ინფორმაციით, ასევე გათავისუფლებულები არიან ნინაკა გელაშვილი, გურამ ჯაში, ზაზა იაქაშვილი, ნათია გუბენკო და მაია კაციტაძე _ მარჯანიშვილის თეატრიდან გათავისუფლების შესახებ მსახიობმა, ირაკლი ჩოლოყაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
ასევე სხვა მსახიობების თეატრიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ფორმულაც.
“9 ადამიანია ამ ეტაპზე გათავისუფლებული და სამ თვეში კიდევ ბევრი უნდა შემცირდეს. როგორც ამბობენ, 28 მსახიობი უნდა გათავისუფლდეს 6 თვეში და სამი თვე უკვე გავიდა. ოფიციალურად არაფერი არ მიგვიღია [მიზეზი]. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ნაკლებად ვართ დაკავებული რეპერტუარში, მაგრამ ეს ხომ ჩვენი ნებით არ ხდება? რეჟისორმა თუ არ გაგვანაწილა, ისე ვერ ვითამაშეთ, ჩვენ ვერ ვწყვეტთ. დასმა, 99%-მა ხელი მოაწერა, რომ არ ემხრობა ე.წ. რეორგანიზაციას, დავაფიქსირეთ წერილობით თეატრში და მერე მივაწვდით სამინისტროს” | ამბობს მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი ფორმულასთან.
მარჯანიშვილის თეატრიდან გათავისუფლების შესახებ გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა მსახიობმა ეკა ნიჟარაძემაც: “რა სიმბოლურია, რომ მშრომელთა საერთაშორისო დღეს, ეს მშრომელი ქალი ოცდათერთმეტწლიანი მუშაობის შემდეგ (1995-2026) მარჯანიშვილის თეატრიდან გამომისტუმრეს ” _ წერს მსახიობი სოციალურ ქსელში.

































































