გალაკტიონმა საკუთარი ინციატივით დაბეჭდა აფიშები, რომლებზედაც დააწერა: „გალაკტიონი შეხვედრებს აწყობს მკითხველებთან.“
ხალხმა, „კაგებესთან“ რომ იყვნენ შეკრული, ცენტრალურ კომიტეტში ენა მიიტანეს, თავისი ნებით დაბეჭდა აფიშები და ზედ გვარი არ მიაწერაო.
ამაზე ცეკაში გაცხარებულან: რაშია საქმე, მარტო სახელს რომ აწერს და გვარს არ ახსენებს, მეორე აკაკი გაგვიხდა, თუ რაო და გამოუძახებიათ გალაკტიონი. მისულა პოეტი და უთქვამს: „ძამიკო, დაბარებული ვარ, რაშია საქმეო“.
საერთოდ, ვისაც არ უნდა დალაპარაკებოდა, გინდ ბავშვს, გინდ მოხუცს, ყველას „ძამიკოს“ ეძახდა. „ბატონო გალაკტიონ, დაბრძანდით! “ – სთხოვეს ცეკაში. „რა მითხარით, ძამიკო?“ – ჰკითხა გალაკტიონმა. „ბატონო გალაკტიონ“…, – უთხრეს ისევ. „კიდევ მითხარით, კიდევ“. ისევ გაუმეორეს: „ბატონო გალაკტიონ“… „გმადლობთ, ძამიკო“, – მიუგო და გამოვიდა ცეკადან. რაზეც იბარებდნენ, მშვენივრად იცოდა გალაკტიონმა.
გზაში შეაჩერეს – სად მიბრძანდებითო? „თქვენც გალაკტიონს არ მეძახით, ძამიკო?“ – გადაიხარხარა და წავიდა. რა ჯობია, როცა პოეტს მარტო სახელის ხსენებით აღიქვამს ხალხი.






































































