შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა გამოაქვეყნა. მონაცემები 1 იანვრიდან 15 აპრილის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. სტატისტიკის თანახმად, გურიაში ჯამში 114 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა საგზაო ნიშნების უგულებელყოფასა და მანევრირების წესების დარღვევას უკავშირდება.
შემთხვევათა უმრავლესობა (103 ფაქტი) ეხება ისეთ დარღვევებს, როგორიცაა საგზაო ნიშნების უგულებელყოფა, არასწორი მანევრირება და შუქნიშნის წესების დარღვევა, რასაც ქონების ან ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მოჰყვა.
კონკრეტულად, 103 შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის დარღვევას. ამ მუხლის მე-6, მე-6 (2), მე-7 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებს, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების,, ტვირთის, გზის, საგზაო ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება.
კერძოდ, 125-ე მუხლის მე-6 ნაწილი ითვალისწინებს – სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან საგზაო მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
6 (2) – გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებების განლაგების, მოძრაობის დაწყების ან/და მანევრირების წესების დარღვევა.
მე-7 მაწილი – მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლის წესების, პრიორიტეტული ნიშნის („დაუთმე გზა“, „მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია“) ან ამკრძალავი ნიშნის („შესვლა აკრძალულია“, „მოძრაობა აკრძალულია“) მოთხოვნის დაუცველობა, გასწრების, გზაჯვარედინის, რკინიგზაზე გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა, გავლის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო საშუალებისთვის დაბრკოლების შექმნა.
მე-8 ნაწილი – ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა, აგრეთვე დგომის ან გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა.
რეგიონში 6-ჯერ დაირღვა 127-ე მუხლის მე-3 ნაწილი. კერძოდ, ქვეითად მოსიარულის ან საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილის მიერ მოძრაობის წესების დარღვევა, აგრეთვე საავტომობილო გზის გასწვრივ პირუტყვის ძოვების წესების დარღვევა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება.
სამ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა 121-ე მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევას- სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის, ანდა სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა არასრულწლოვნისათვის ან იმ პირისათვის, რომელსაც არ აქვს მართვის უფლება ანეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების,, ტვირთის, გზის, საგზაო ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება.
გურიაში დაფიქსირებული ყველაზე მძიმე დარღვევა (116-ე მუხლის მე-8 ნაწილი) გულისხმობს შემთხვევას, როდესაც მძღოლი სრულიად უგულებელყოფს კანონს. კერძოდ:
სიმთვრალე და მართვის უფლების არქონა: პირი ავტომობილს მართავდა ნასვამ მდგომარეობაში მაშინ, როდესაც მას საერთოდ არ ჰქონდა მართვის მოწმობა ან ის უკვე შეჩერებული ჰქონდა სხვა დარღვევის გამო.
ავარიული სიტუაცია: ამ მდგომარეობაში მყოფმა მძღოლმა გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა, რის შედეგადაც დაზიანდა ქონება (სხვა მანქანა, საგზაო ნაგებობა) ან მსუბუქად დაშავდა ადამიანი.
სანქცია: კანონის ამ ნაწილის დარღვევა ითვალისწინებს მძღოლის დაჯარიმებას 3 000-ლარით და ასევე ადმინისტრაციულ პატიმრობას (10-დან 15 დღემდე) ვადით.
გამოვლინდა შემთხვევაც, როდესაც ავარიის მიზეზი ავტომობილის ტექნიკური გაუმართაობა — ნორმაზე მეტი გამონაბოლქვი ან ხმაური გახდა
ერთ შემთხვევაში დაირღვა 119-ე მუხლის მე-8 ნაწილი.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლი ეხება სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გაუმართაობას, მის მოწყობას და ექსპლუატაციის წესების დარღვევას.
რაც შეეხება მე-8 ნაწილს, ეს არის ამ მუხლის ერთ-ერთი ყველაზე სპეციფიკური და „მკაცრი“ პუნქტი, რომელიც ეხება გარემოს დაბინძურებასა და ხმაურს.
ეს ნაწილი გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მართვას, რომლის გამონაბოლქვშიც მავნე ნივთიერებების შემცველობა ან ხმაურის დონე აღემატება დადგენილ ნორმას, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების,, ტვირთის, გზის, საგზაო ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება.
რაც შეეხება, სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით ამავე პერიოდში მომხდარ ავარიებს, როგორც უკვე ვწერდით, გურიაში 12 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, დაშავდა 14 ადამიანი.





































































