ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა. დოკუმენტის მთავარი სპონსორი ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია.
რეზოლუციის პროექტი, სახელწოდებით „საქართველოში არჩევნების მთლიანობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა“, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ დარღვევებზე, ასევე 2025 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს შესაძლო გაყალბების, ამომრჩეველთა მოსყიდვისა და ოპოზიციონერი დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის შესახებ ცნობებზე მიუთითებს.
დოკუმენტში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ასევე აკრიტიკებს შემზღუდავ კანონმდებლობას, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, შეკრებებისა და მანიფესტაციების წესებში შეტანილ ცვლილებებსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებს. რეზოლუციის ავტორების შეფასებით, ეს გადაწყვეტილებები ზღუდავს გაერთიანების, მედიის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებს.

































































