პაატა კუნჭულიას მიერ მერის თანამდებობის დატოვების შემდეგ პროცესები დაჩქარებული წესით გაგრძელდა. სავარაუდოდ, 24 საათში დატოვა თანამდებობა თეთრიწყაროს მერის პირველმა მოადგილემ, გია ანთაძემაც.
18 აგვისტოს ანთაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის, ბექა ჩხიკვიშვილის მოადგილედ დაინიშნა, რის შემდეგაც ჩხიკვიშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. იმავე დღეს, ოზურგეთის მერის მოვალეობის ახალმა შემსრულებელმა, გია ანთაძემ, მერიასა და საკრებულოში არაერთი შეხვედრა გამართა.
ოზურგეთში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს „გურია ნიუსთან“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერი, ზვიად ქორიძე აფასებს.
მისი თქმით, ამ პროცესში ყველაზე მთავარი ის არის, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ ხელისუფლებაში, თვითმმართველობის არსი არ ესმით.
„ისინი მოქალაქეებს ეუბნებიან, რომ მათი როლი და წვლილი ქვეყნის მართვაში არავის აინტერესებს და მოქალაქე სრულიად იგნორირებულია. მთავარი პარტიული ინტერესებია. ეს ინტერესები კი ის არის, რომ ხელი მოჰკიდო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს და გადმოიყვანო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლად. ეს არის მართვის არანორმალური სტილი და ნიშნავს თვითმმართველობის გაუქმებას.
მსგავსი სცენარი წინა მოწვევის თვითმმართველობის დროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტშიც გათამაშდა — იქ გახარიას კადრი იყო მუნიციპალიტეტის მერი, რაც „ქართულ ოცნებას“ არ აწყობდა და ზუსტად იმავე სცენარით შეცვალეს, როგორც დღეს ოზურგეთში. ეს არის თვითმმართველობის ორგანოებზე სრული კონტროლი, რაც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ეწინააღმდეგება. „ქართული ოცნება“ ყველას ეუბნება, რომ მოქალაქეების აზრი არ აინტერესებს.
ახლა იმაზე კი არ ვსაუბრობ, კარგი მერი იყო თუ არა პაატა კუნჭულია, ან რამდენად კონკურენტული იყო 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები; არც იმის გარკვევას ვცდილობ, რატომ იყო 10 თვის წინ „ქართული ოცნებისთვის“ კუნჭულიას კანდიდატურა მისაღები და ახლა რატომ მოიშორეს. დღეს ჩემთვის ბევრად მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, რამდენად გაიაზრეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ადამიანებმა, რა მოხდა, როდესაც მათ მიერ არჩეული მერი თანამდებობიდან გააგდეს. თუ პაატა კუნჭულია დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებდა და მისი გადაწყვეტილებები ხალხის კეთილდღეობაზე ორიენტირებული არ იყო, მაშინ საკრებულოს უნდა დაეყენებინა მისი უნდობლობის საკითხი, ემსჯელა და ამ პროცესში მოქალაქეებიც ჩაერთო“, — აცხადებს ზვიად ქორიძე.
ავტორი































































