დუშეთის მუნიციპალიტეტში, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები მიმდინარეობს.
როგორც სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, საავტომობილო გზების გაწმენდით სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. ასევე, ადგილზე “ენერგო-პრო ჯორჯიას” მიერ მიმდინარეობს ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები.
გავრცელებული ინფორმაციით, ძლიერმა წვიმამ პრობლემები ასევე შექმნა დაბა თიანეთის, ახალსოფლისა და არტნის ადმინისტრაციულ ერთეულებში. ადიდებულმა მდინარეებმა – საჭურემ, საგამმა და იორმა და მთის ფერდობებიდან ჩამოსულმა ნიაღვრებმა დატბორა ქუჩები, საცხოვრებელი სახლები, საკარმიდამო ნაკვეთები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. ამ დროისთვის, ელექტროენერგია არ მიეწოდება არტნის ადმინისტრაციული ერთეულის 6 სოფელს.
თვითმმართველობის განცხადებით, შესაბამისი სამსახურები პრობლემების სრულ აღმოფხვრამდე ყველა საჭირო ღონისძიებას უწყვეტ რეჟიმში განახორციელებენ.































































