საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და განსახლებულ პირთა (ეკომიგრანტების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ სპეციალური ანგარიში მოამზადა. ომბუდსმენის წარმომადგენლებმა მონიტორინგი გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში ჩაატარეს.
ანგარიშის მიხედვით, კვლევა და შეხვედრები ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის კონკრეტულ სოფლებში განხორციელდა:
ოზურგეთში: მთისპირის თემის სოფელ უკანავაში, დაბა ნასაკირალში, ნარუჯასა და ლაითურში.
ლანჩხუთში: სოფელ ნიგვზიანსა და ჩოჩხათის თემის წიაღობნის უბანში.
ჩოხატაურში: ქვენობანის თემის სოფელ ბუკნარში.
მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ ლანჩხუთსა და გურიის სხვა სოფლებში ჩასახლებული ოჯახები სხვადასხვა ხარისხის გეოლოგიური საფრთხის ქვეშ ცხოვრობენ, რაც სათანადო საცხოვრებელი პირობების გარანტირების მთავარ ბარიერს წარმოადგენს. ზოგიერთი სახლის კონსტრუქციული უსაფრთხოება კვლავაც მუდმივი მეთვალყურეობის საგანია.
სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტოს, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციით, 2026 წელს საბოლოოდ დასრულდეს 2004–2012 წლებში განსახლებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემისა და დაკანონების პროცესი.































































