რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასის ინიციატივას გამოეხმაურა. კალასის მოთხოვნას, რომელიც რუსეთის არმიის შეზღუდვასა და საქართველოდან და მოლდოვიდან ოკუპაციური ჯარების გაყვანას ეხება, ლავროვმა აბსურდული უწოდა.
რუსულ მედიასთან კომენტირებისას, კრემლის მთავარმა დიპლომატმა ევროკავშირის უმაღლესი პოსტის მფლობელის განცხადების განხილვაზეც კი უარი თქვა.
„მისმინეთ, იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ“, — მოკლედ მოუჭრა სერგეი ლავროვმა ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე მკაფიოდ აღნიშნა, რომ უკრაინის საკითხზე მოსკოვთან ნებისმიერი მოლაპარაკების დროს ბლოკი ფართო უსაფრთხოების გარანტიებს დააყენებს. მისი თქმით, ევროპის ინტერესებშია, რომ კრემლმა ჯარები მეზობელი სახელმწიფოებიდან გაიყვანოს:
„თუ ვიფიქრებთ რუსული ჯარების ყოფნაზე ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო და მოლდოვა, ევროპული უსაფრთხოების ინტერესში შედის, რომ ეს ჯარები იქ არ იყვნენ და სხვადასხვა ქვეყანაში არჩევნებში არ ერეოდნენ“, — განაცხადა კალასმა.



































































