1965 წლის დეკემბერში ბატონმა ჯემალ ზეინკლიშვილმა თანაგუნდელები მიხეილ მესხი და სლავა მეტრეველი საქეიფოდ მშობლიურ ბორჯომში დაპატიჟა. ეს „მოგზაურობა“ მესხი-მეტრეველის დუეტისთვის სავალალო შედეგით დასრულდა. ამ ისტორიას ჯემალ ზეინკლიშვილი შემდეგნაირად იხსენებდა:
„1964 წლის ნოემბერში სსრკ-ის ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ ყველა დინამოელს ყველასათვის საოცნებო, მაშინ პოპულარული მანქანები – გაზ-21 გვაჩუქეს. მომდევნო წლის გაზაფხულზე მესხს და მეტრეველს მოველაპარაკე, წავიდეთ ბორჯომში და ერთი კაცურად ვიქეიფოთ-მეთქი!
კაჩალინს ვთხოვე, მამაჩემს დავხედავ, ავად არის და ბიჭებსაც წავიყვან-მეთქი. გაგვიშვა სამი დღით სამივე, თუმცა, რასაკვირველია, არ იცოდა, რომ საქეიფოდ მივდიოდით.
მივდივართ ღიღინ-ღიღინით, ძალიან ცხელა, გზაში ნელ-ნელა ვიხდით ტანსაცმელს და ბოლოს ტრუსებისამარა დავრჩით. ხაშურთან ერთი სასაცილო აზრი მომივიდა და ჩავაქრე მანქანა! მიშას და სლავას ვუთხარი – ბიჭებო, მოაწექით და დაიქოქება-მეთქი. ყლაპეს და მართლა ჩავიდნენ მანქანიდან მოსაწოლად. მეც ეს მინდოდა, მყის დავქოქე, დავადე გაზს ფეხი და ბორჯომამდე არ გამიჩერებია!
დარჩნენ მესხი და მეტრეველი ტრუსებისამარა შუა გზაში!!! შევარდნილან ბუჩქებში, ერიდებათ, ამხელა ფეხბურთელები ვინმემ რომ არ დაინახოს შიშვლები!
მათ ბედად, მილიციის ინსპექტორს სამთვლიანი მოტოციკლით გამოუვლია და ბიჭებმა ბუჩქებიდან იმას დაუძახეს. გადარეულა ის ინსპექტორი, წარმოგიდგენიათ, რას გაიფიქრებდა!!! თბილისში ვეღარ დაბრუნდნენ ტრუსიკიანები, მყისვე გავარდებოდა ხმა ქალაქში და კაჩალინს ვერ გადაურჩებოდნენ, სთხოვეს და ინსპექტორმა ისევ ბორჯომში ჩამოიყვანა.
ისე იყვნენ გაბრაზებულები, ჩემსკენ არ მოუხედავთ! მიშასთვის და სლავასთვის პურმარილს ვინ დაიშურებდა? ორი დღე იქეიფეს უჩემოდ, მესამე დღეს კი ვეღარ გაძლეს და ისევ ერთად ვიყავით!!!
მას მერე, მესხი და მეტრეველი კარგა ხანს აღარაფერს მიჯერებდნენ“.
ავტორი