“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეამ (პარლამენტმა) მიიღო არასავალდებულო, კრიტიკული რეზოლუცია საქართველოს შესახებ.
2025 წლის 24 სექტემბერს ინიციირებული და 2026 წლის 11 მაისს მიღებული რეზოლუციით, საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ:
დაგმო ის, რასაც უწოდებს საქართველოს „არალიბერალურ და ავტორიტარულ გადახრას“; ასევე, ფუნდამენტური უფლებების დარღვევასა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ „ძალის არაპროპორციულ გამოყენებას“;
მოითხოვა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვისთვის „მიზნობრივი“ ფინანსური სანქციების დაწესება;
მოუწოდა საკუთარ მთავრობას, დაგმოს „რუსეთის რეჟიმის გავლენა საქართველოზე“ – მის პოლიტიკურ ინსტიტუტებსა და ბიძინა ივანიშვილზე, რომელიც „ოლიგარქად“ არის მოხსენიებული.
რეზოლუცია, ევროპარლამენტის რეზოლუციების მსგავსად, ერთმანეთისგან ასხვავებს საქართველოს მთავრობასა და ხალხს და ამ უკანასკნელს მხარდაჭერას უცხადებს ევროპული მისწრაფებებისკენ სვლაში.
რეზოლუციის განხილვას ესწრებოდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ყოფილი ფრანგი დიპლომატი.
რეზოლუციის ინიციატორი იყო საპარლამენტო ჯგუფი „ერთად რესპუბლიკისათვის“, რომლის პრეზიდენტია გაბრიელ ატალი, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი.
რეზოლუციას ამ პარტიის 34-მა წევრმა დაუჭირა მხარი; მას შეუერთდნენ სოციალისტები, რესპუბლიკელი მემარჯვენეები, ეკოლოგები და დემოკრატები.
რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცეს მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანების“ 13-მა დეპუტატმა, ასევე მემარცხენე კოალიცია „ახალი სახალხო ფრონტის“ 10-მა დეპუტატმა.

































































