წესით, ნებისმიერ მოწესრიგებულ ქვეყანაში, დასახლებული პუნქტის დაფუძნება სწორედ წყლის, კანალიზაციის, ენერგომატარებლების სისტემებისა და კომუნიკაციის საშუალებების დაგეგმვა–მოწყობით იწყება. თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი არ არის უზრუნველყოფილი ცენტრალური საკანალიზაციო სისტემით. არადა, მოუწესრიგებელი კანალიზაცია მნიშვნელოვანი გლობალური რისკია არამარტო გარშემომყოფთათვის, არამედ მთელი ეკოსისტემისთვის.
სამწუხაროდ, ლანჩხუთიც იმ ქალაქთა რიცხვშია, სადაც ცენტრალური კანალიზაციის პრობლემა დგას. კანალიზაციის სისტემები ქალაქის უმეტეს უბნებში საერთოდ არ არსებობს, სადაც არის, იქ უკვე მოძველებულია და ხშირად გამოდის წყობიდან. ამას ემატება ის, რომ ყოველი გაწვიმებისას მოსახლეობის გარკვეული ნაწილის საკარმიდამო ნაკვეთები იტბორება და ფეკალური მასები ეზოებში ჩადის, რაც ადამიანთა ჯანმრთელობას სიცოცხლესთან შეუთავსებელ საფრთხეს უქმნის.
ამ მხრივ, განსაკუთრებით მძიმე რეალობა გია ურუშაძის ქუჩაზეა. აქაურმა მოსახლეობამ, პრობლემის მოგვარების მიზნით, არაერთხელ მიმართა კიდეც ადგილობრივ ხელისუფლებას, თუმცა, საკითხი დღემდე მოუგვარებელია.
მაგალითად, რამდენიმე დღის წინ, არც თუ ისე ძლიერი წვიმისას, ურუშაძის ქუჩაზე, საკანალიზაციო ჭიდან გადმოსულმა ფეკალიებმა, მოსახლეობის ეზოები დატბორა. ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელშიც გავრცელდა.
მოსახლეობა ამბობს, რომ პრობლემის მოსაგვარებლად პერიოდულად სრულდება გარკვეული სამუშაოები, თუმცა, ამ ყველაფერს დროებითი ეფექტი აქვს და ათეული წლების მანძილზე საკითხი საბოლოოდ მოუგვარებელი რჩება.
“მოვლენ, გაწმენდენ რაღაცას, მაგრამ ამ ყველაფერს დროებითი ეფექტი აქვს.
არაერთხელ მივმართეთ ადგილობრივ ხელისუფლებას, როგორც ვიცით ცენტრალური ხელისუფლებისთვისაც კარგად ნაცნობია ჩვენი პრობლემა, თუმცა, როგორც ჩანს, პრიორიტეტთა ნუსხაში ჯერ სხვა პრობლემებია უპირატესი. არადა, ერთი გაწვიმება და ფეკალიებით ივსება ქუჩა და ეზო–კარი. როდემდე უნდა ვითმინოთ ხალხმა ეს საშინელება?!” _ ამბობენ ადგილობრივები.
საგულისხმოა, რომ ზემოთ ნახსენები პრობლემის თაობაზე ურუშაძის ქუჩის მცხოვრებლებმა ერთობლივი განცხადებით ლანჩხუთის მერიას ჯერ კიდევ 2020 წლის გაზაფხულზე მიმართეს და საკითხის მოსაგვარებლად დახმარება ითხოვეს.
მოსახლეობის თქმით, მაშინდელ მათ განცხადებას გარკვეული შედეგი კი მოჰყვა, თუმცა, სამწუხაროდ, ესეც დროებითი ეფექტის მქონე გამოდგა.
“მოვიდნენ და გაწმინდეს ზერელედ. პრობლემა კი, რომელიც უკვე წლებია, გვაწუხებს, ისევ მოუგვარებელია, წვიმის დროს ისევ მოედინება ჭებიდან ფეკალიები.
პრობლემა დიდი ხანია აქტუალურია, არაერთხელ დავწერეთ გაზეთშიც, მერიაშიც შევიტანეთ განცხადება, მაგრამ შედეგი მაინც არაა, ყოველი გაწვიმება ჩვენთვის ჯოჯოხეთია“, _ ამბობს მოსახლეობა, რომელთაც კანალიზაციიდან გადმოსული ფეკალიები ეზოებში შედის და ნარგავებს უტბორავს.
საგულისხმოა, რომ ამ თემაზე სოციალურ ქსელშიც აქტიურად მიდის პოლემიკა. მოსახლეობა ყოველმხრივ აქტიურობს და ამ კუთხითაც ჩანს მათი პროტესტი. თანაც ფაქტია, რომ ზემოთ ნახსენები პრობლემა მხოლოდ ურუშაძის ქუჩის მცხოვრებლებს არ აწუხებთ:
“ოქროს საბადო გვაქვს ყველა გაწვიმებაზე, ყელამდე ვარ პატივისცემით!
რამდენი წელი ვწერთ და ვაგროვებთ ხალხის ხელმოწერებს, მაგრამ რაა? შეაყარე კედელს ცერცვი, რეაქცია ნულია. არჩევნებზე რომ წამოვაყენეთ ეს საკითხი, მაგაზე არ დაგველაპარაკოთო, ასეთი იყო მაგათგან პასუხი;
კოსტავას ქუჩაზე საერთოდ არ არის კანალიზაცია, არც ეზოებში გვაქვს ადგილი ორმოს ამოსათხრელად, ცუდი მდგომარეობაა!”
როგორც გავარკვიეთ, წყალმომარაგების კომპანიამ, ზემოთ ნახსენებ ფაქტზე, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ჰქონდა ადგილი ურუშაძის ქუჩაზე, რეაგირება განახორციელა და პრობლემების აღმოსაფხვრელად გარკვეული სამუშაოები შეასრულა, თუმცა, როგორც ფაქტები ცხადჰყოფს, ამ საკითხის საბოლოო გადაჭრა მანამაა შეუძლებელი, სანამ ქალაქში ახალი საკანალიზაციო სისტემა არ მოეწყობა.
ავტორი
































































