„მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის სახელმწიფო რწმუნებულმა და ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ, არაერთხელ, მათ შორის საჯაროდაც მოუწოდეს კონკრეტულ ადგილობრივ თანამდებობის პირებს ერთიანობისკენ, სამწუხაროდ, სათანადო მხარდაჭერა და გვერდში დგომა ხელოვნურად შექმნილი პრობლემების კვალდაკვალ, ვერ ვიგრძენი. დამალვას არ ვაპირებ, რომ ამასთან დაკავშირებით გარკვეული გულისწყვეტა ნამდვილად მაქვს, რამაც გარკვეული როლი შეასრულა ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში“, — ეს ამონარიდი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერის, პაატა კუნჭულიას ფეისბუქსტატუსიდან არის.
„გურია ნიუსის“ შეკითხვაზე — უკავშირდებოდა თუ არა პაატა კუნჭულიას წასვლა „ქართული ოცნების“ ადგილობრივ პოლიტიკოსებთან არსებულ უთანხმოებას, გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ღურჯუმელიძემ სატელეფონო საუბრისას აღნიშნა: „მე მგონი, პაატა კუნჭულიამ თავის განცხადებაში საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა და ეს საკითხი ზედმეტ კომენტარს არ საჭიროებს“.
„გურია ნიუსი“ ამ საკითხებზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას და ამავე საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ქეთევან ხომერიკის ჩაწერას ცდილობს, თუმცა არცერთი მათგანი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
„რაღაცა ამბების მიტანა-მოტანა მუნიციპალიტეტის ერთიანობას დაღუპავს. გთხოვთ, ამას დავანებოთ თავი — სუყველას გთხოვთ, მამაშვილურად, გინდ როგორც უფროსი, ისე გთხოვთ — ამაზე საუბარი აღარ გავაგონო. აუცილებელია, იყოს ერთიანობა, იყოს ჯანსაღი კოლექტივი, ჯანსაღი სხეული. ყველაზე ჭეშმარიტი და მარტივია, რომ ენას დავაჭიროთ ცოტა კბილი, აქეთაც და იქეთაც“, — ეს განცხადება დავით დარჩიამ ერთი თვის წინ, საკრებულოს სხდომაზე გააკეთა.
ერთი რამ ნათელია: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა თანამდებობა დატოვა და ქალაქი დიდი საკადრო ცვლილებების მოლოდინშია.




































































