პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა განსაკუთრებით მწვავედ გამოაჩინა, თუ რას ნიშნავს ქვეყნისთვის სასურსათო უსაფრთხოება და აგროპროდუქტების შიდა წარმოება. ხელისუფლება აცხადებს, რომ პანდემიასთან ბრძოლის ფონზე, სოფელი და სოფლის მეურნეობა მისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულებაა.
შესაბამისად, მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმაც წარადგინა რამდენიმე დღის წინ და როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უკავშირდება ფერმერების დახმარებას, ეს არის პირდაპირი დახმარება – სუბსიდირება იმისთვის, რომ ფერმერებს წარმოება გაუმარტივდეთ და გაუიაფდეთ; მათთვის ხელმისაწვდომი იყოს სხვადასხვა მასალა, რომელიც სოფლის მეურნეობაში გამოიყენება”.
ამ გეგმის მიხედვით, 20 მაისიდან იწყება ახალი სახელმწიფო პროგრამა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირება“; ასევე, სახელმწიფო სუბსიდირებით, ფერმერები აგროტექნიკური სამუშაოებისთვის საჭირო დიზელის საწვავს, ბაზარზე არსებულთან შედარებით, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად იყიდიან.
პრეზენტაციები რომ ამომწურავი ინფორმაციის მომცემი არაა, თითქმის ყველასთვის ცხადია და ჩვენც შევეცადეთ, აუდიტორიისთვის დეტალურად მიგვეწოდებინა ინფორმაცია, ვინ ისარგებლებს, როდის და როგორ ამ სახელმწიფო პროგრამით, რომელსაც ისევ საქართველოს მოქალაქეები – გადასახადების გადამხდელები ვაფინანსებთ. თუმცა, კითხვების დასმა “ზედმეტი“ აღმოჩნდა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისთვის – დატუქსვის შემდეგ, მესამედ “გადამისამართებულებმაც“ ვერ მივიღეთ სრული და ამომწურავი ინფორმაცია ჩვენ მიერ დასმულ კითხვებზე. ამიტომ, მივყვეთ ოფიციალურ ინფორმაციას და ჩვენს კითხვებს, რომლებიც ამ სახელმწიფო პროგრამის მიმღებთ უჩნდებათ.
ოფიციალური ინფორმაციით, პროგრამა ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო საქონლისა და ხვნის მომსახურების ღირებულების სუბსიდირებას. პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდიის მისაღებად საჭიროა, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საკუთრებაში ჰქონდეთ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. სუბსიდიის მოცულობა 1 ჰექტარ მიწაზე განისაზღვრა 200 ლარით (აგრობარათზე დარიცხული 200 ქულით).
ვერ მივიღეთ პასუხი, ეხება თუ არა ეს სუბსიდირება ფერმერებს, რომლებსაც სათიბისა და საძოვრის კატეგორიის გამორიცხვით, მიწა იჯარით აქვთ სახელმწიფოსგან მიღებული, მრავალწლიან ან ერთწლიან კულტურებს აწარმოებენ და იჯარის გადასახადსაც ყოველწლიურად პატიოსნად იხდიან. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების საკუთრებაში გადაცემა საქართველოში კარგა ხანია აკრძალულია, გამოდის, რომ პროგრამა მხოლოდ წინა და წინის წინა ხელისუფლების დროს დასაკუთრებული მიწის მეპატრონეებს ეხებათ.
ოფიციალური ინფორმაციით, 0.25 ჰა-დან 1.25 ჰა-მდე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შესაძლებლობა ექნება ბარათზე დარიცხული ქულები გამოიყენოს მხოლოდ შემდეგი სასოფლო-სამეურნეო საქონლის შესაძენად:
. სასუქები და მცენარეთა დაცვის ქიმიური/ბიოლოგიური საშუალებები;
. მცენარეთა მოვლის ქიმიური/ბიოლოგიური საშუალებები;
. სათესლე და სარგავი მასალები.
ხოლო 1.25 ჰა-დან 10 ჰა-მდე და მეტი ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს ბარათზე დარიცხული ქულების გამოყენების შესაძლებლობა ექნებათ როგორც ზემოაღნიშნული სასოფლო-სამეურნეო საქონლის, ასევე, ხვნის სამუშაოების მომსახურების შესაძენად. ანუ, 1.25 ჰექტრამდე ფართობის მფლობელები ხვნისთვის შეღავათს ვერ მიიღებენ.პროექტის ფარგლებში, არაუმეტეს 10 ჰექტრისა, ერთიანი მიწის ნაკვეთებისთვის სუბსიდია შეადგენს მაქსიმუმ 2000 ლარს.
ოფიციალური მონაცემებით, პროგრამით 2020 წლის ბოლომდე, ისარგებლებს 200,000-მდე ფერმერი, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ პროგრამის მიღმა რჩებიან ფერმერთა (და არა საკარმიდამო ნაკვეთის მფლობელთა!) დიდი ნაწილი – სასოფლო-სამეურნეო სახელმწიფო მიწის მოიჯარადეები!
ოფიციალურ ინფორმაციაში ყველგან მითითებულია, რომ ბენეფიციარი უნდა იყოს ფერმერი. ფერმერად რეგისტრირება კი შესაძლებელია “ცხელი ხაზის“ – 1501 მეშვეობით, რომელიც მეორე დღეა მხოლოდ მუსიკალურ რეჟიმზეა ჩართული – როგორც ჩანს, პროგრამის დეტალები ბოლომდე არაა გარკვეული და ამიტომ, პასუხებს ერიდებიან.
ამ პროგრამაში მონაწილეობის მოკლე სქემა კი ჯერჯერობით ასეთია: ფერმერმა (თუ ფერმერად რეგისტრირებას შეძლებთ!), რომელსაც მიწა საკუთრებაში რეგისტრირებული აქვს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, განაცხადით უნდა მიმართოს ახლომდებარე ლიბერტი ბანკის ფილიალს, რომელიც უფასოდ დაუმზადებს და მერე გადასცემს ბანკის პლასტიკურ ბარათებს. ამ ბარათებზე ფერმერს დაერიცხება ქულა – 0.25 ჰა-ზე – 50 ქულა/ლარი; 1 ჰა-ზე – 200 ქულა/ლარი. ამ ქულებით ფერმერი მივა სპეციალიზებულ მაღაზიაში და იყიდის სასუქებს, მცენარეთა დაცვის ქიმიურ/ბიოლოგიურ საშუალებებს ან მცენარეთა მოვლის ქიმიურ/ბიოლოგიურ საშუალებებს ან სათესლე და სარგავ მასალებს.
და რაც მთავარია, სათესლე და სარგავი მასალების, ასევე სასოფლო-სამეურნეო მიწის აგროტექნიკური სამუშაოების მომსახურების მიღება შესაძლებელია მხოლოდ შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების“ კომპანიაში (ყოფილი შპს მექანიზატორი“) საქართველოს რეგიონებში განთავსებულ 12 სერვის ცენტრში. თუ გურიის მაგალითზე განვიხილავთ, ყოფილი შპს “მექანიზატორი“, მხოლოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მერიაშია განთავსებული. როგორ შეძლებს ეს ორგანიზაცია გურიის სამივე მუნიციპალიტეტის ფერმერებს მოემსახუროს, არავინ იცის.