წელს, თებერვალში მოსულმა თოვლმა გურიის სამივე მუნიციპალიტეტში დიდი პრობლემები შექმნა.
„გურია ნიუსი“ ცდილობს გაარკვიოს დეტალები, როგორ აპირებს ადგილობრივი ხელისუფლება სტიქიის შემდეგ დაეხმაროს დაზარალებულებს.
კონკრეტულად ვითხოვდით 2025 წლის თებერვალში დიდთოვლობის გამო რამდენი სახლი დაზიანდა; კონკრეტულად ჩოხატაურში, ოზურგეთში და ლანჩხუთში რამდენი მილიონი ლარი გამოიყო და რაში გადანაწილდება ეს თანხა. ასევე დიდთოვლობის დროს რამდენი ლარი და რაში დაიხარჯა – ჩამონათვალი სოფლების მიხედვით.
ინფორმაციის მიღების მიზნით, წერილი ჩოხატაურის, ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიებს მივწერეთ. 4 აპრილს გაგზავნილ წერილებზე 17 აპრილს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიისგან ასეთი პასუხი მივიღეთ:
„თქვენი #10-462509410-46 (04.04.2025 წელი) განცხადებისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან შემოსული #03-462509712-46 (07.04.2025 წელი) წერილის პასუხად, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-40 მუხლის შესაბამისად გაცნობებთ, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილია 2025 წლის 20-26 თებერვლის დიდთოვლობის შედეგად მიყენებული ზარალის დამდგენი დროებითი კომისია. კომისია, დიდთოვლობით მიყენებული ზარალის დადგენის მიზნით უზრუნველყოფს, დაზარალებული მოქალაქეების საცხოვრებელი სახლებისა და საყოფაცხოვრებო ნაგებობების დათვალიერებას და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას. ინფორმაციას, დაზარალებული მოქალაქეების რაოდენობისა და მათი დახმარების შესახებ, მოგაწვდით კომისიის მუშაობის დასრულებისა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ,“ – წერილს ხელს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე აწერს.
ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიებისგან კი ამ ეტაპზე არანაირი პასუხი არ მიგვიღია.
ავტორი