საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ “ალტ-ინფოს” პარტია ახალი სახელით, “კონსერვატორები საქართველოსთვის” დაარეგისტრირა.
განაცხადი პარტიის რეგისტრაციაზე რეესტრის ვებსაიტზე 27 თებერვალს გამოჩნდა, თუმცა ამ დრომდე არ კმაყოფილდებოდა. პირველი ხარვეზი რეესტრის თანამშრომელმა 27 მარტს აღმოაჩინა, მეორე კი – 8 აპრილს. მონაცემების განსაახლებლად პარტიას, „კონსერვატორები საქართველოსთვის“, 10-დღიანი ვადა ჰქონდა.
„ვარეგისტრირებთ იმიტომ, რომ არ გვაქვს პარტია და ხალხის მოთხოვნაა და ჩვენი მხარდამჭერების, რომ პარტია იყოს და პარტიული საქმიანობა გავაგრძელოთ“, – უთხრა 28 თებერვალს რადიო თავისუფლებას „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა კონსტანტინე მორგოშიამ.
„ალტ-ინფოს“ ჯგუფის ორგანიზებით თბილისში გაიმართა არაერთი აქცია, რომლებიც შემდეგ ძალადობაში გადაიზარდა. მათ შორის 2021 წლის 5 ივლისს, როცა „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით „ღირსების მარში“ უნდა გამართულიყო, „ალტ-ინფოს“ ლიდერებმა და სასულიერო პირებმა მოქალაქეებს ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდეს. იმ დღეს 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა. ძალადობის ორგანიზატორებიდან დღემდე არავინ დასჯილა.
„ალტ-ინფოს“ პარტია („კონსერვატიული მოძრაობა“) გასულ წლებშიც ჰქონდა, თუმცა საჯარო რეესტრმა მას რეგისტრაცია 2024 წლის 8 აპრილს გაუუქმა. გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნა ამ პარტიის დოკუმენტების შესწავლის შესახებ.
წყარო: რადიო თავისუფლება