ლანჩხუთში, სოფელ გულიანში მცხოვრები შორენა ნაკაიძე–დვალიშვილი ადგილობრივი ხელისუფლებისგან იმ პრობლემის გადაჭრას ითხოვს, რომელიც წლებია, აწუხებს _ საუბარია მის სახლთან მისასვლელ გზაზე.
როგორც თავად ქალბატონი შორენა გვიყვება, გზის ეს მონაკვეთი მუდმივად პრობლემური იყო, თუმცა 2023 წლის სექტემბერში მომხდარი სტიქიის შედეგად კიდევ უფრო დაზიანდა და, ფაქტობრივად, გავლაც შეუძლებელი გახდა.
“ჩემი ეზო მაღლობზე მდებარეობს. მუდმივად პრობლემური იყო ეს გზა. 2023 წლის სექტემბრის სტიქიამდე გაზის გაყვანილობისთვის მილები ჩაყარეს და მაშინ მთლად მოსპეს აქაურობა. ამას მერე სტიქიაც დაერთო და ახლა ისეთი მდგომარეობაა, გავლა შეუძლებელია, მანქანა ვერ ამოდის ჩვენს სახლამდე. სასწრაფო რომ გამოვიძახეთ, ვერ ამოვიდნენ და ბავშვი ხელში აყვანილი იქით ჩავიყვანეთ.
გულიანში წყალიც არაა და შორი მანძილიდან მიწევს ხელით ზიდვა. ამ გზის გამო იმის შესაძლებლობაც არაა, რომ მანქანით ამოვიტანო.
რამდენჯერ და ვის არ მივმართე, რომ მოეგვარებინათ ეს პრობლემა. მუნიციპალიტეტის მერს მივწერე კიდეც, ვიდეოც გავუგზავნე, რომ საკუთარი თვალით ენახა, რა მდგომარეობა მაქვს, მაგრამ რად გინდა _ პასუხიც არ გაუცია.
სოფელში მერის წარმომადგენელიც საქმის კურსშია, მაგრამ საშველი მაინც არ ჩანს. “ჯერჯერობით, არაფერია სიახლე, მაგრამ თუკი რამე საშუალება გამოჩნდება, აუცილებლად მოგაქცევთ ყურადღებასო“, _ ასე მპასუხობდა. არადა, ჯერ დამპირდნენ, რომ 2024 წელს, სტიქიის თანხები რომ ჩამოვიდოდა, მაშინ გააკეთებდნენ.
სამწუხაროდ, არც სოფლის პროგრამის თანხებიდან გამოინახა საშუალება ამ პრობლემის გადასაჭრელად _ სხვები აღმოჩნდნენ უფრო პრიორიტეტულ მდგომარეობაში. მერის წარმომადგენელს რომ ვუთხარი ამაზე, ასეთი პასუხი მივიღე: ხალხის ხმათა უმრავლესობა წყვეტს, სად უნდა გაკეთდეს სხვადასხვა პროექტი და წინადადება როცა წამოაყენეს, ხალხი არ წასულა წინააღმდეგი და შესაბამისად, კეთდება მაგათი გზაო.
2023 წლის სექტემბერში მომხდარმა სტიქიამ ჭიშკრამდე მისასვლელი გზის გარდა, ეზო–კარიც დამიზიანა, დამიმეწყრა. მაღლობზე ვცხოვრობ და რომ გენახათ, რა დღეში იყო აქაურობა _ ახლომახლო ყველაფერი “დაშვავდა“. მეზობლებმა რომ ნახეს, რა მდგომარეობაშიც იყო ეზო, მირჩიეს, განცხადება დამეწერა. ასეც მოვიქეცი _ დავასურათე და ფოტოებიც გადავაგზავნე მერიაში, მაგრამ რად გინდა, ადგილზე გეოლოგებიც არ მოსულან, ისე შემიდგინეს დასკვნა, რომ არ ვექვემდებარებოდი ასახლებას.
ჰოდა, გზა მაინც გამიკეთონ, წლებია, ამაოდ რომ ვითხოვ. კისერს მოიტეხს ადამიანი, ისეთი მდგომარეობაა. საკუთარი ძალებით მუდმივად ვხრეშავთ, მაგრამ არაფერი გამოდის _ გაწვიმდება და წყალს ისევ მიაქვს. კაპიტალურადაა გასაკეთებელი, საფარი უნდა დაიგოს.
“რთული გასაკეთებელია ეს გზაო“, _ მუდმივად ასე მიცილებენ. არ მაგდებენ არაფრად. “ნაციონალი ხარო“, _ თავის ამომრჩევლად არ მთვლიან და ამიტომაც არც არაფრით მეხმარებიან“, _ გვიყვება ქალბატონი შორენა.
ზემოთ ნახსენები პრობლემის თაობაზე “გურია ნიუსი” ჩოჩხათის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარ დეპუტატს, სამსონ კვაჭაძეს დაუკავშირდა. მან გვითხრა, რომ პრობლემის შესახებ კარგად იცის, თუმცა დასძინა, რომ გზის ეს მონაკვეთი რთულად გასაკეთებელია:
“რთული გასაკეთებელი გზაა. ამ დღეებში მერსაც გავესაუბრები ამ თემაზე“, _ გვითხრა სოფლის მაჟორიტარმა.
მერის წარმომადგენელი რეზო კვაჭაძე კი დაგვპირდა, რომ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა რამდენიმე დღეში დაიწყებოდა.
“ვმუშაობთ ამ თემაზე. ახლა უამინდობამ შეგვიშალა ხელი და რამდენიმე დღეში დავიწყებთ ამ გზის მოწესრიგებას“, _ დაგვაიმედა მერის წარმომადგენელმა ჩოჩხათის თემში.
ავტორი

































































