სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქართველი სამხედროების წამებასა და მკვლელობას ეხება, პარტია “გახარია საქართველოსთვის” სპეციალური განცხადებით ეხმაურება.
პარტიის განცხადებით, ამ ვერდიქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები საქართველოს წინააღმდეგ.
გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროპულმა სასამართლომ პირდაპირ დააკისრა რუსეთს პასუხისმგებლობა ქართველი ტყვეების წამებასა და მკვლელობაზე.
„გიორგი ანწუხელიძის, უშანგი სოფრომაძის, კახაბერ ხუბულურის, დავით მალაჩინის, ზაზა კავთიაშვილის, იმედა კუთაშვილის, მალხაზ მელაძის, კახაბერ ზირაქაშვილის — ქართველი სამხედროების მიმართ ჩადენილი დანაშაულები რუსეთის აგრესიისა და რუსული ოკუპაციის სასტიკი სახეა, რომელიც დღესაც გრძელდება საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ“, — ნათქვამია განცხადებაში.
სტრასბურგის გადაწყვეტილებას მხოლოდ მორალური დატვირთვა არ აქვს და ის ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს ემსახურება:
„ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დაზარალებულებისთვის და მათი ოჯახებისთვის, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესისთვის, ჩვენი სუვერენიტეტისა და ისტორიული სიმართლის საერთაშორისო სამართლებრივი აღიარებისთვის“.
განცხადებაში განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს ყველა იმ იურისტსა და ორგანიზაციას, ვინც წლების განმავლობაში ამ საქმეებზე მუშაობდა, კერძოდ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას (საია), რომელმაც აღნიშნული ინტერესები ევროპულ სასამართლოში დაიცვა.




































































