მისივე თქმით, გასულ წლის ანალოგიურ პერიოდში, კურორტის მიმართ დამსვენებლების ინტერესი გაცილებით მაღალი იყო.
„წელს, წინა წლებთან შედარებით, გაცილებით ნაკლები აქტივობაა როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი დამსვენებლების მხრიდან. გასულ წლებში, სეზონის დასაწყისისთვის, უკვე გვყავდნენ როგორც უცხოელი, ისე ქართველი სტუმრები. ახლა კი, უკვე თვენახევარია, რაც მუშაობა დავიწყეთ, თუმცა აქტივობა ძალიან დაბალია.
შარშან ივნისში გაცილებით მეტი სტუმარი იყო არა მარტო ჩვენთან, არამედ მთლიანად ბახმაროში. შესაძლოა, ამაზე ამინდებმაც იმოქმედა, რადგან წელს საქართველოში საკმაოდ გვიან დათბა“, – აცხადებს გიორგი კეჭაყმაძე.
თუმცა, მისივე თქმით, მოთხოვნის ზრდა უკვე ფიქსირდება ივლისსა და აგვისტოზე.
„შემდეგი თვეებისთვის, ივლისსა და აგვისტოში, უფრო მეტ სტუმარს ველოდებით, ჯავშნები უკვე გვაქვს. ზოგადად, ბახმაროსთვის ყველაზე აქტიური სეზონი 25 ივლისიდან აგვისტოს ბოლომდეა, თუმცა, გასულ წლებში აქტივობა ივნისსა და სექტემბერშიც შეიმჩნეოდა.
რაც შეეხება აქტიურ სეზონს (ივლისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს ბოლომდე), ამ დროს მოთხოვნა ყოველთვის დიდია. ჩვენი ძირითადი სეგმენტი კი მაინც ქართველი დამსვენებლები არიან.
თუ შევადარებთ შარშანდელ ივლისი-აგვისტოს პერიოდს, ახლანდელი მდგომარეობით, წელს ამ თვეებზე გაცილებით მეტი ჯავშანია. მოთხოვნა უშუალოდ ამ პერიოდზე, პოტენციური მომხმარებლების მხრიდან, ნამდვილად გაზრდილია. მართალია, ჯერჯერობით სრულად შევსებულები არ ვართ, მაგრამ ინტერესი მაღალია“, – აცხადებს გიორგი კეჭაყმაძე „ბიზნესპრესნიუსთან“.































































