წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს ერთ–ერთ საკითხად ლანჩხუთის საკრებულოში ბოლო სხდომაზე, კენჭის უყარეს და მხარიც დაუჭირეს.
დეპუტატებს თემასთან დაკავშირებით განმარტებები მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა, როლანდ ლაშხიამ გააცნო.
ბიუჯეტში გასახორციელებელი ცვლილებების მიხედვით გაირკვა, რომ მთავრობის განკარგულებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს ორი მილიონ 250 ათასი ლარი გამოეყო, რაც 2025 წლის თებერვლის თვეში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის (საკუთრებაში რეგისტრირებული საცხოვრებელი სახლები, რომლებიც სოფლად დაინგრა ან არ ექვემდებარება აღდგენას) კომპენსაციას უნდა მოხმარდეს.
მერიის განმარტებით, მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში ექვსი მილიონ 369 645 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები გახორციელდება, საამისოდ კი მთავრობის განკარგულებით, საქართველოს რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან ექვსი მილიონ 51 160 ლარია გამოყოფილი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი თანადაფინანსებისთვის 318 485 მიიმართება.
ირკვევა, რომ ჩიბათის, ქალაქისა და გვიმბალაურის ადმინისტრაციულ ერთეულებში შიდა გზების რეაბილიტაციას 1 868 350 ლარი მოხმარდება, აქედან სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯება 1 774 332 ლარი.
აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა გზის რეაბილიტაციაზე, შუხუთის და ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულებში კი სანიაღვრე არხების მოსაწყობად 2 105 264 ლარის ღირებულების სამუშაოები უნდა შესრულდეს, აქედან ორ მილიონ ლარს სახელმწიფო ბიუჯეტი გაიღებს.
რაც შეეხება ღრმაღელის, ჩოჩხათის და ნინოშვილის ადმინისტრაციულ ერთეულებს,აქ შიდა გზების რეაბილიტაციისთვის 2 105 264 ლარის გახარჯვაა გათვალისწინებული და აქ სახელმწიფო ბიუჯეტის წილი ორი მილიონი ლარია.
რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდება ქალაქში სპორტული დარბაზის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, რისთვისაც 290 767 ლარია გაწერილი, რაშიც ცენტრალური ბიუჯეტიდან 276 228 ლარი გაიხარჯება.
გარდა ამისა, საქართველოს მთავრობისვე განკარგულებით, მუნიციპალიტეტს გამოეყო 20 ათასი ლარი მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით და მიიმართება რისკის-ქვეშ მყოფი ბავშვიანი ოჯახების გაძლიერების პროგრამის დასაფინანსებლად.
ავტორი




































































