საქართველოში უკრაინის საელჩოს მონაცემებით, 2022 წლის თებერვლიდან დღემდე 500 ათასზე მეტმა უკრაინის მოქალაქემ იძულებით გაიარა საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო 27 ათასზე მეტი უკრაინელი ამჟამადაც საქართველოში რჩება.
უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა, დმიტრო ბერეჟნოიმ ხაზი გაუსვა იმ მასშტაბურ ჰუმანიტარულ და სოციალურ მხარდაჭერას, რომელიც უკრაინელებმა საქართველოს ხელისუფლებისგან, ბიზნესისგან, ეკლესიისა და რიგითი მოქალაქეებისგან მიიღეს.
„უკრაინელი ხალხი ღრმა მადლიერებითა და სითბოთი ყოველთვის დაიხსომებს იმ მასშტაბურ სიკეთესა და სტუმართმოყვარეობას, რომელიც ამ ომის პირველივე დღეებიდან ვიგრძენით საქართველოსგან. ამ თბილი და ღია მიღების წყალობით, უკრაინელები საქართველოში თავს უცხოეთში არ გრძნობენ“, — აცხადებს დიპლომატი.
მან ასევე აღნიშნა თბილისსა და ბათუმში გახსნილი უკრაინული სექტორების მნიშვნელობა, სადაც უკრაინელი ბავშვები სწავლას მშობლიურ ენაზე განაგრძობენ.

































































