ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანში მცხოვრები მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. როგორც ვანში გვითხრეს, სოფელში მეწყერია ჩამოწოლილი და ამის გამო 2 დღეა ელექტროენერგია არ მიეწოდებათ.
ქარიშხალმა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ხე წააქცია და საავტომობილო მოძრაობა ამის გამო ორი დღეა შეფერხებულია. ძლიერმა ქარმა სახურავი ახადა სკოლას. პედაგოგების ინფორმაციით შენობაში ისე წვიმს, როგორც გარეთ.
ვანელების თქმით, სოფელში ამ დრომდე არ მისულა ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი.
_ სოფლის წარმომადგენელი იყო მოსული და გამგეობაში სწორედ მან მოიტანა ინფორმაცია. ტყუილია, თითქოს ვანში არ ყოფილა ჩვენი წარმომადგენელი. უკვე დაწყებულია წაქცეული ხის "დადრუჟბვა".
რაც შეეხება სკოლას, საქმის კურსშია განათლების სამინისტროც. 7000 ლარი უკვე გამოყოფილია. ფიზიკურად ვერ მოხერხდება, რომ გუშინ ამძვრალი სახურავი დღეს გაკეთდეს, _ გვითხრა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ.
შენიშვნა: ფოტო არ ასახავს შემთხვევის ადგილს.


































































