ოთარ ვარამაშვილის ადგილზე, მეც გავიქცეოდი _ აცხადებს რუსთავის საქალაქო სასამართლოდან გაქცეული პატიმრის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე.
მისი თქმით, სასჯელაღსრულების მეექვსე დაწესებულებაში, სადაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი სასჯელს იხდიდა, არაადამიანური პირობებია.
”მის ადგილზე რომ ვყოფილიყავი, მეც გავიქცეოდი, რადგან მეექსვე დაწესებულება, სადაც ის იხდიდა სასჯელს, გამოირჩევა არაადამიანური მოპყრობით. სიტუაცია იქ საერთოდ არ შეცვლილა”, _ განაცხადა კობაიძემ.
ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ერთი თვით აუკრძალეს სატელეფონო საუბრები, რაც გაასაჩივრეს და სწორედ ამ საქმის განხილვა იყო დაგეგმილი რუსთავის საქალაქო სასამართლოში.
კობაიძის განმარტებით, თავად ის ოთარ ვარამაშვილთან ერთად არ იმყოფებოდა, რადგან სხვა პროცესი ჰქონდა.
პატიმარი ოთარ ვარამაშვილი რუსთავის საქალაქო სასამართლოს შენობიდან გუშინ გაიქცა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ გუშინ რუსთავის საქალაქო სასამართლოდან გაქცეული პატიმრის ფოტო გაავრცელა და მოქალაქეებს მოუწოდა,
ვისაც რაიმე სახის ინფორმაცია აქვს ოთარ ბადრის ძე ვარამაშვილის სავარაუდო ადგილსამყოფელის შესახებ, დაუკავშირდეს სატელეფონო ნომრებზე:
032 2 75 23 85, 577 28 25 19.
აღნიშნულთან დაკავშირებით "გურია ნიუსი" სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
































































