სააღმზრდელო პროცესი სამტრედიის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში 5 თებერვლიდან განახლდება.
24-ვე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ყველა წინაპირობა იყო შექმნილი, 2020 წელში სასწავლო პროცესი შეუფერხებლად განახლებულიყო, მაგრამ სიტუაცია ტენდერების ჩაშლამ გაართულა.
შეხვედრა, რომელიც დღეს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის, ვალერიანე ფოცხვერიას კაბინეტში გაიმართა, კვებაზე გამოცხადებულ ტენდერებს ეხებოდა და იმ თემების გაშლას, რამდენად მზადყოფნაში არიან სამტრედიის მუნიციპალიტეტში მოქმედი ააიპ-ები, კერძოდ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება და ,,სახლი თანადგომა” , ახალი, 2020 წლიდან სრულფასოვანი ფუნქიონირება განაახლონ.
სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორის, ხათუნა გაგუას ინფორმაციით, ბაგა-ბაღების კვებაზე 6 ტენდერია შემდგარი. რაც შეეხება საქონლის ხორცის ტენდერს, სამჯერ ჩაიშალა. მორიგი, მეოთხე ტენდერი 31 იანვარს ხელახლა გამოაცხადეს.
,,შარშან 24 იანვარს დავიწყეთ მუშაობა, წელს 5 თებერვალს რომ დაგვეწყო, სასწრაფო, გადაუდებელი, დროებითი შესყიდვით იქნა ერთი თვის მარაგი შეძენილი ქათმის ფილეზე,”-განაცხადა ,,გურია ნიუსთან” საუბარში ხათუნა გაგუამ.
იმავე შეხვედრაზე ითქვა, რომ სამტრედიაში უფასო სასადილო ფუნქციონირებას 3 თებერვალს, ორშაბათიდან განაახლებს.
,,შარშან უფასო სასადილოს ბენეფიციარებს 23 იანვრიდან ვმასპინძლობდით, წელს, 11 დღით დაგვიგვიანდა უფასო კვებისა და პურის მიწოდება, რაც, ერთადერთი, ტენდერების ჩაშლას უკავშირდება,“-განუცხადა ,,გურია ნიუსს” ,,სახლი თანადგომას” დირექტორმა, მზევინარ ბოხუამ.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა შეხვედრაზე განმარტა მიზეზები, რის გამოც დაგვიანდა მათ დაქვემდებარებაში მყოფ ააპ-ებში საქმიანობის განახლება.
ვალერიანე ფოცხვერიას განმარტებით, მუნიციპალიტეტის პირველი პირი მოხარულია სამტრედიაში ობიექტებმა შეუფერხებლად იმუშაონ, ოღონდ კანონის ყველა პუნქტის დაცვით.