როგორც ჩვენთვის არის ცნობილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი კოტე შარაშენიძე და კოალიცია “ქართული ოცნების” წევრი ნესტორ რამიშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი ლიდერები ამბობენ, რომ ისინი საქმის სამართლიან გამოძიებას მოითხოვენ.
ჩვენ რამდენიმე წუთის წინ ნესტორ რამიშვილის საცხოვრებელ უბანში ვიმყოფებოდით, სადაც სამართალდამცავები არიან მისულები. ისინი ჩვენთან კომენტარს არ აკეთებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო და საქმე საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით, (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) “ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან.”
აღნიშნული დანაშაული ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თვრამეტ თვემდე ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
შეგახსენებთ, რომ როგორც “გურია ნიუსს” წყარომ აცნობა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი კოტე შარაშენიძე და კოალიცია “ქართული ოცნების” წევრი ნესტორ რამიშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ინციდენტი, წყაროს თქმით, ნესტორ რამიშვილის საცხოვრებელი სახლის წინ მოხდა. როგორც გვაცნობეს, ამ ფაქტთან დაკავშირებით, დღეს კოალიცია “ქართული ოცნების” წევრები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატს ზვიად კვაჭანტირაძეს უნდა შეხვდნენ.
_მითხრეს, რომ ღამით, დაახლოებით 12 საათზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი კოტე შარაშენიძე სახლში მიუვარდა ნესტორ რამიშვილს. ჩემი ინფორმაციით, რამიშვილი მას დასაქმებას სთხოვდა, წასულა საქმის გარჩევა, ხმამაღალი საუბარი და ბოლოს, როგორც ვიცი, იარაღიც გამოიყენეს. კოტემ ნესტორს თავში იარაღის კონდახი ჩაარტყა. ადამიანი ცუდადაა, წევს სახლში და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშაა, _აცხადებს “გურია ნიუსთან” წყარო.