_ ამ თემაზე “გურია ნიუსი” რამდენიმე დღის წინ წერდა.
გიგინეიშვილმა პასუხი სოციალური ქსელის ” facebook”-ის საშუალებით გაავრცელა.
“ახლა წავიკითხე, რომ შეკითხვები გაჩენილა იმასთან დაკავშირებით, რატომ უნდა მიიღონ საკრებულოს თანამშრომლებმა პრემია. მივლინებით მაროკოში ვარ, მაგრამ აქედან მინდა განვმარტო, რაშია საქმე. საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, საკრებულოს სხდომა თვეში ერთხელ მაინც უნდა გაიმართოს და ასეც ხდება, ხოლმე. სხდომის ადმინისტრირება აპარატის ფუნქციაა. ეს არ არის მარტივი საქმე და პროფესიონალიზმს მოითხოვს. ჩვენს შემთხვევაში, 2 თვეში საკრებულოს 5 სხდომა და ბიუროს 6 სხდომა ჩატარდა. გამოდის, რომ აპარატი ნომინალურთან შედარებით ორჯერ უფრო მეტ სამუშაოს ასრულებს. ვერ ვიხსენებ ლანჩხუთის რომელიმე მოწვევის საკრებულოს პერიოდში აპარატს მსგავსი დატვირთვა მიეღოს ასეთ მოკლე დროში. გასაგებია, რომ სოციალური პრობლემები არსებობს და საბიუჯეტო სახსრებიც აქეთკენ უნდა მიიმართოს, მაგრამ არც “ტრეფიკინგის მსხვერპლი” უნდა იყოს ვინმე. მოტივაციას დავკარგავთ საათივით აწყობილი სტრუქტურის შიგნით. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ეს ხალხი ჯილდოს ღირსია, მით უმეტეს, რომ ბიუჯეტში საჭირო ასიგნებები გაწერილი დამხვდა. პრემირება ჩემი მოგონილი არ არის,” _ წერს გიგინეიშვილი.
საკრებულოს თავმჯდომარე მეორე დღესაც შეგვახსენა სოციალური ქსელის საშუალებით, რომ საკრებულოს თანამშრომლები პრემიების ღირსები არიან: “ვაგრძელებ გუშინ დაწყებულ თემას.ჯერ მინდა მიმოვიხილო ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონი. ორგანული კანონიდან გამომდინარე, რა როლი აქვს საკრებულოს:
1. პოლიტიკის განმსაზღვრელი _ აქტიურად უნდა იყოს ჩართული მიზნის განსაზღვრაში, ალტერნატივების ძიებაში და სტარტეგიების შემუშავებაში, რათა სარგებელი მოუტანოს მოსახლეობას;
2. გადაწყვეტილების მიმღები _ არჩევნის შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას;
3. კომუნიკატორი _ სწორად იღებს და გადასცემს ინფორმაციას;
4. ფასილიტატორი _ შეუძლია ჯგუფთან მუშაობა;
5. რეალიზატორი _ ის საქმეები, რაც ერთი შეხედვით არ გამოვა, მან უნდა გახადოს შესრულებადი;
6. მომლაპარაკებელი _ ეხმარება სხვებს ურთიერთმისაღები გადაწყვეტილების მიღებაში;
7. გავლენიანი _ იყენებს მინიჭებულ უფლებებს, რათა შესრულდეს საქმე;
8. ინსტიტუციონალისტი _ ხელს უწყობს თვითმმართველობის განვითარებას;
9. ლიდერი _ ხელს უწყობს მოსახლეობაში პოზიციურ ცვლილებებს;
10. მეურნე _ ხელს უწყობს ისეთ ბიუჯეტის შევსებას;
11. მენეჯერი _ წარმატებულად მართავს დაქვემდებარებულ სტრუქტურას, ავითარებს ორგანიზაციას.
სხვა ასეთი როლი, ვიმეორებ, ისევ კანონიდან გამომდინარე, არავის არ აქვს თვითმმართველობაში. როცა გარედან ხელს უშლი საკრებულოს პოლიტიკის განსაზღვრაში, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებაში, სიტუაციურ რეალიზაციაში, გავლენის დამკვიდრებასა და შენარჩუნებაში, ინსტიტუციის გაძლიერებაში, ძირს უთხრი მის ლიდერობას და პრობლემას უქმნი მენეჯმენტს, გამოდის ნებსით თუ უნებლიედ, აზიანებ თვითმმართველობას ზოგადად და მათ შორის საკუთარ თავსაც. მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ ნიშნავს ხელშეშლას ნებისმიერი მეთოდით,” _ წერს ამირან გიგინეიშვილი სოციალური ქსელში.