ჩვენი წყაროს ინფორმაციით, კოალიცია “ქართული ოცნების” ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი ამ დღეებში შეიცვლება _ კოტე შარაშენიძის ადგილს სადაზღვევო კომპანია “იმედი L”-ის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი, კახა კეჭაყმაძე დაიკავებს. ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ არც ახლად დანიშნული კოტე შარაშენიძე, არც პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნების” გურიის პოლიტიკური კოორდინატორი, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, კოალიცია “ქართული ოცნების” წევრი, დავით ბერძენიშვილი და არც თავად კეჭაყმაძე. თუმცა, ოზურგეთის საზოგადოებაში არ გამორიცხავენ მსგავს საკადრო ცვლილებას. როგორც “გურია ნიუსს” ამის შესახებ არაერთმა წყარომ უთხრა, კეჭაყმაძეს ოზურგეთის ელიტარული საზოგადოება უჭერს მხარს. _ არ შეიძლება მსგავსი რამ მოხდეს. თბილისიდან ორი დღეა, რაც ჩამოვედი, ახალი დავალებებით, _ გვითხრა შარაშენიძემ.
თვითონ კეჭაყმაძე კი ამ ინფორმაციას ჭორს უწოდებს: _ ეს ინფორმაცია, არ მგონია, რეალობასთან ახლოს იყოს. შეიძლება, ვინმეს აწყობდეს _ ოზურგეთი პატარაა და ჭორიც კარგად ვრცელდება.
_ ბატონო კახა, თქვენი კანდიდატურა რომ წარადგინეს, ნამდვილია. ასევე გვიდასტურებენ იმ ფაქტს, რომ ახლაც აქტიურად განიხილებით ამ პოსტზე. საუბრობენ იმაზეც, რომ ვიღაც ლობირებას გიწევთ.
_ ოფიციალურად ვერ დაგიდასტურებთ. მე მაინც ჭორად მიმაჩნია.
_ ანუ მსგავს რამეს გამორიცხავთ?
_ ჯერჯერობით, მე ვმუშაობ, დასაქმებული ვარ კერძო სადაზღვევო კომპანიაში. მომავალში რა მოხდება, არ ვიცი, წინასწარ ვერაფერს განვსაზღვრავ. რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე ვარ იქ, სადაც ვიყავი. მომავალში სად წავალ, პოლიტიკურ პარტიაში თუ სადმე სხვა სამსახურში, ვერ გეტყვით, _ გვითხრა კეჭაყმაძემ.
ჩვენი წყარო გვესაუბრა იმის შესახებაც, თუ ვინ იქნებიან მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე “ქართული ოცნების” დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატები გურიაში. ჩვენ ეს ინფორმაცია დავით ბერძენიშვილთან გადავამოწმეთ:
_ ბატონო დავით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შეიძლება იყოს მიხეილ მარი, ოზურგეთში კი _ თემურ ჭკუასელი, ადასტურებთ ამ ინფორმაციას?
_ჯერჯერობით, არანაირი გადაწყვეტილება არ მიგვიღია გურიის არც ერთ მუნიციპალიტეტში. ამ ინფორმაციას ვერ დაგიდასტურებთ. ალბათ, მაისში გამოიკვეთება.
_ ასევე ამბობენ, რომ შეიძლება, შეიცვალოს კოალიცია “ქართული ოცნების” ოზურგეთის ახლად დანიშნული ხელმძღვანელი.
_ პოლიტსაბჭო ამტკიცებს ოფისის ხელმძღვანელებს. გურიის სამივე მუნიციპალიტეტში ხელმძღვანელი დანიშნულია და არანაირი ცვლილება მოსალოდნელი არ არის. მსგავსი ინფორმაცია პოლიტსაბჭომდე არ მოსულა და არც გადაგვიხედავს ამ საკითხისთვის.