საღამო ოზურგეთის სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელმა მაკა ჭყონიამ გახსნა:
_ დღევანდელი ჩვენი მიზანი არის ის, რომ ლამაზი ღონისძიება გვეჩვენებინა და ამიტომაც მოგიწვიეთ დღეს აქ. ჩვენი ცენტრის დაარსებიდან ორი წელი შესრულდა. საკმაოდ დიდი გაერთიანებაა. ძალიან დიდი მადლობა მოსვლისთვის, განსაკუთრებულად დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ, ბატონო რამაზ! ჩვენი გაერთიანებისთვის თქვენი გვერდში დგომა ძალიან დიდი სტიმულია. დიდი მადლობა ამისთვის, _ მიმართა მაკა ჭყონიამ რამაზ ნიკოლაიშვილს.
საღამო ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის მმართველს ზაზა ჯინჭარაძეს და ბაღების ცენტრის ერთ-ერთ თანამშრომელს კესო ცეცხლაძეს მიჰყავდათ.
_ ახლა კი, ძალიან დიდი სიყვარულით, მინდა სცენაზე მოვიწვიო გურიის მხარეში ყველასთვის ძალიან საყვარელი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ბატონი რამაზ ნიკოლაიშვილი, _ დასჭექა ზაზა ჯინჭარაძემ და მინისტრიც წარსდგა დარბაზის წინაშე:
_ ძალიან დიდი მადლობა, რომ დამპატიჟეთ, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ახლა რომ შემოვდიოდი, გამაჩერეს და მკითხეს, რატომ შედიხარო, ვინ გადაიხადა ამის ფულიო. ცუდია, რომ ეს ფული, თქვენთან ერთად მეც არ დავდე, მაგრამ, ალბათ, დამიჭერდნენ. სადაც დამიძახებთ, ყველგან მოვალ, იმიტომ, რომ მიმაჩნია, სადაც საჭირო ხარ, იქ უნდა იყო. ძალიან მაგარია, ეს ყველამ უნდა ნახოს. ეს არის ჩვენი ხვალინდელი დღე. მე ჩავთვალე, რომ იქ, სადაც თუნდაც ერთ კაცს უნდა შენი ყოფნა, უნდა იყო. ერთმანეთის გვერდში უნდა ვიყოთ. მრავლდება გურულები და ეს ძალიან მიხარია. ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის. გილოცავთ დღევანდელ დღეს, ძალიან მიყვარხართ! _ ამ სიტყვებით მიმართა ნიკოლაიშვილმა დარბაზში მოწვეულ სტუმრებს, ღონისძიების ორგანიზატორებსა და ბავშვებს.
ღონისძიება, რომელშიც ქალაქისა და სოფლების ბაღების ბავშვები მონაწილეობდნენ, შინაარსობრივად მართლაც ძალიან შთამბეჭდავი იყო.