ქვეყნის პირველი ბახმაროში ავტომანქანით ავიდა და ჩოხატაურის ცენტრალური ქუჩა გაიარა, თუმცა, მოსახლეობას არ შეხვედრია და არც იმით დაინტერესებულა, როგორ ცხოვრობენ ადამიანები იმ რაიონში, სადაც სტატისტიკური ინფორმაციით, ყველაზე მეტი სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობს.
ქვეყნის პირველი პირს, ბახმაროში მასპინძლობა გურიის გუბერნატორმა ვალერი ჩიტაიშვილმა გაუწია. სააკაშვილი მიმდინარე მშენებელობებით დაინტერესდა და აღნიშნა, რომ 19 აგვისტოს ბახმარო აბსოლუტურად განსხვავებული იქნება.
სააკაშვილმა, ასაშენებელი შენობების მაკეტის ფონზე, ყურადღება სასტუმრო კომპლექსზე, ამფითეატრზე და რესტორანზე გაამახვილა. თუმცა, “გამორჩა”, რომ სასტუმრო ახლა არ შენდება _ შენობა, რომელიც კადრში ჩანდა და რომელშიც სასტუმრო იქნება, 1990 წელს აშენდა და ტრანსპორტის სამინისტროს ეკუთვნოდა, თუმცა, მოგვიანებით ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა. რაც შეეხება რესტორანს, უცნობია, ვის უშენებს სახელმწიფო ბიზნესობიექტს. ჯერჯერობით, დეტალებზე საუბარი არავის სურს.
გურიის მხარის რწმუნებული, ვალერი ჩიტაიშვილი ამბობს, რომ 19 აგვისტოს, ყველაფერი ისე იქნება, რომ აუცილებლად მოგვეწონება:
_ იქ შენდება სასტუმრო, ამფითეატრი, რესტორანიც. შესაბამისად, კეთდება სპორტული მოედანი, ბავშვებისათვის გასართობი ცენტრი, სველი წერტილები, აფთიაქი, ამბულატორია.
_ ბახმაროში ხომ ამბულატორიის საკმაოდ დიდი შენობაა?
_ იმის გამო, რომ დამსვენებლების რიცხვი გაიზრდება, შესაბამისად, საჭირო იქნება უფრო კომფორტული მომსახურება. ამბულატორია აჭარის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება, რომელიც საკმაოდ დიდი მანძილითაა დაშორებული ცენტრიდან, სადაც ახლა ამბულატორიაა.
_ და მაგ ადგილზე, ძირითადად, ჩინოვნიკების ფეშენებლური კოტეჯები დგას.
_ ნამდვილად არ ვიცი, ვისია.
_ ის თუ იცით, ვისთვის შენდება რესტორანი?
_ როგორც გითხარით, იქნება ამფითეატრი იქნება და ასევე კვების ობიექტიც.
_ ეს გავიგეთ, მაგრამ რესტორანი კერძო ბიზნესობიექტია და ვის უშენებს ხალხის ფულით მას სახელმწიფო?
_ რომ ამოხვალთ 19-ში, ყველაფერი ძალიან მოგეწონებათ. რესტორანი კი არა, კაფე იქნება, რომელიც ამფითეატრთან ერთად, ერთ კომპლექსში შენდება.
_ ბატონო ვალერი, ჩვენ ვუსმინეთ პრეზიდენტს, რომელიც მიწების დარეგისტრირების საკითხს შეეხო და როგორც ვიცით, აღნიშნა, რომ ეს მოგვარებულია.
_ არა. მოგვარდება და ყველაფერი კანონმდებლობის შესაბამისად იქნება. ვისაც საბუთები წესრიგში აქვს, კანონის შესაბამისად შეძლებს მიწების დაკანონებას.
_ ამ ადამიანებს შორის იქნებიან თუ არა ის პირები, რომლებსაც დოკუმენტები საკრებულოს ლეგალიზაციის კომისიის თავმჯდომარემ, შოთა სირაძემ დაუმზადა, ადამიანები, რომლებმაც ამ ყველაფერში ფული გადაიხადეს, თუმცა, მათ მიწები მაინც წაართვეს…
_ ყველაფერი კანონის ფარგლებში იქნება, _ გვითხრა გუბერნატორმა.
როგორ მოგვარდება ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში, ჯერჯერობით უცნობია. მით უმეტეს, რომ ლეგალიზაციის კომისიის თავმჯდომარე შოთა სირაძე, რომელსაც გამოძიება 384 ყალბი საბუთის გაცემაში ედავება, მიმალვაშია. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ 384 პიროვნებას, ყველანაირი დოკუმენტაცია წესრიგში აქვს, თუმცა, მათ სხვადასხვა ხერხებით მიწა სახელმწიფოსთვის ჩააბარებინეს. სირაძის გარდა, მართლმსაჯულებას პასუხი არავისთვის მოუთხოვია. პასუხი მხოლოდ იმ ადამიანებმა აგეს, რომლებსაც მიწები ჯერ დაუკანონეს, შემდეგ კი ერთ კვირაში წაართვეს.