როგორც ცსკოს პრეს-სამსახური იუწყება, სამივე საგანმანათლებლო დაწესებულება უერთდება 2010 წლის 28 სექტემბერს ცესკოს, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმების და სწავლების ცენტრსა და საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის გაფორმებულ მემორანდუმს. დღემდე მემორანდუმის საფუძველზე ცესკო 14 უმაღლეს სასწავლებელთან თანამშრომლობდა.
დოკუმენტის ხელისმოწერის ცერემონიას ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები, დეკანები, სტუდენტები, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
“მემორანდუმზე ხელისმოწერით მხარეები კიდევ ერთხელ თანმხდებიან ხელი შეუწყონ საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებასა და თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე იურისტების მომზადებას საარჩევნო სამართლის დარგში”, _ ნათქვამია პრეს-რელიზში.
დღესვე პარტნიორი სასწავლებლების რექტორებმა ცესკოს და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელობასთან ერთად 2011-2012 სასწავლო წელს მიმდინარე სწავლების კურსის შედეგები შეაჯამეს. ასევე მოხდა ჟურნალისტიკის ფაკულტეტის იმ სტუდენტების მიერ მომზადებული ვიდეორგოლების ჩვენება, რომლებიც საარჩევნო კურსში იყვნენ ჩართულები. ხოლო სწავლების ცენტრთან არსებული იურიდიული კლინიკის სტუდენტებს კურსის წარმატებით დასრულების სერტიფიკატები ცესკოს თავმჯდომარემ და საარჩევნო სისტემების განვითარების რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელმა გადასცეს.