_ სამართლებრივი მექანიზმები ამ ქვეყანაში არის ძალიან მწირი. ძალიან თეორიული და ილუზიური. თუმცა, ჩვენ გავასაჩივრეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება თეფშებზე ყადაღის დადების შესახებ. თბილისის სააპელაციო სასამართლო, ალბათ, ამ კვირის დასაწყისში გამოიტანს თავის განჩინებას. თუმცა, ცხადია, ჩვენს საჩივარს არ დააკმაყოფილებს. ჩვენ ამას გავასაჩივრებთ საერთაშორისო სასამართლოში. ვმუშაობთ იმაზე, რომ საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსი, საერთაშორისო მედია ჩავაყენოთ საქმის კურსში. ამაზე ვმუშაობთ ყოველდღიურად. ძალიან მალე, დარწმენებული იყავით, “გლობალ-ტვ-ს” თეფშებთან დაკავშირებულ სკანდალზე მთელი მსოფლიო გაიგებს, _ განაცხადა სანდრო ბარამიძემ “გურია ნიუსთან” საუბრისას.
_ კონკრეტულად რა ინფორმაციების მიწოდებას აპირებთ დიპლომატიური კორპუსისთვის?
_ იმის, რომ ხელისუფლებას ძალიან არ სურს საქართველოს მოსახლეობამ მიიღოს ინფორმაცია ალტერნატიული წყაროებით. მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედებს სამი ეროვნული მაუწყებელი, რომლებიც ცალსახად და გამოკვეთილად ასრულებენ ხელისუფლების დაკვეთას და გადასცემენ იმ შინაარსის პროგრამებს, რომელიც აწყობს ხელისუფლებას. ფაქტია, საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს, თუ ის არ იღებს საკაბელო ქსელით, არ მიუწევდება ხელი ისეთ ალტერნატიულ საშუალებებზე, როგორიცაა “მაესტრო,” “კავსკასია.” აქედან გამომდინარე, რაღაც ახლის მიღების სურვილი მოსახლეობის უმეტეს ნაწილს აქვს. ეს არა მარტო სურვილზეა დამოკიდებული, ეს მათი უფლება არის.
სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მათთვის იმის უფლება, რომ მიიღონ ინფორმაცია სხვადასხვა საშუალებით. გამოიყენებენ თუ არა ამ უფლებას, ეს სხვა საქმეა, მაგრამ სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს!