ცვლილების თანახმად, კოდექსის 25-ე მუხლის პირველი პუნქტი შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდა:
“1. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეს შესაბამისი ვაკანსიის წარმოშობის შემდეგ, კომისიის პირველივე სხდომაზე, წევრობის უფლებამოსილების ვადით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, სახელობითი კენჭისყრით, კომისიის წევრთაგან ირჩევს საუბნო საარჩევნო კომისია. კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს კომისიის არანაკლებ 2 წევრს.”
ცვლილება შეეხო 39 მუხლს, რომელიც დამკვირვებლებს ეხება. ახალი რედაქციით “საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს წარმომადგენელი, სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული ორგანიზაცია ან საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტი/წესდება ითვალისწინებს არჩევნების მონიტორინგს, ადამიანის უფლებათა დაცვას და რომლის საქმიანობაც ეფუძნება შემდეგ საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებს: ა) საქართველოს კანონმდებლობის, სუვერენიტეტისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ნორმების პატივისცემა; ბ) საარჩევნო პროცესისათვის ხელის შეშლისგან თავის შეკავება; გ) პოლიტიკური მიუკერძოებლობა; დ) საარჩევნო პროცესის მონაწილეებისაგან ფინანსური დამოუკიდებლობა და დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობა; ე) საერთაშორისო საარჩევნო დაკვირვების პრინციპების დეკლარაციით აღიარებული დებულებების დაცვა.
საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირდება ცესკოში. ამასთანავე, ცესკო უფლებამოსილია ორგანიზაციის რეგისტრაციისას მოითხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა, რომელიც შესაძლებელს გახდის ორგანიზაციის საქმიანობის ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ პრინციპებთან შესაბამისობის დადგენას. საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია არჩევნებზე დაკვირვებას ახორციელებს ორგანიზაციის წარმომადგენლების – საერთაშორისო დამკვირვებლების – მეშვეობით. ერთ ორგანიზაციას უფლება აქვს, საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არა უმეტეს 2 საერთაშორისო დამკვირვებლისა.
45-ე მუხლს მე-9 პუნქტი დაემატა, რომლის თანახმად “კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაცია.”.
46 მუხლში დაზუსტდა იმ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი, სადაც საარჩევნო პლაკატების გაკვრა აკრძალულია.
საარჩევნო პლაკატები არ უნდა გაიკრას საკულტო ნაგებობებზე, კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთებისა და პოლიციის შენობების ინტერიერსა და ექსტერიერში, აგრეთვე საგზაო ნიშნებზე.
ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით კი, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებს დაევალათ განსაზღვრონ იმ შენობა-ნაგებობები ჩამონათვალი, რომლებზედაც სააგიტაციო მასალის განთავსება აკრძალულია. მათ უნდა განსაზღვრონ ადგილები ან დადგან სტენდები საარჩევნო პლაკატების გასაკრავად და გამოსაფენად. სტენდი უნდა იყოს იმ ზომის, რომ ყველა საარჩევნო სუბიექტი საარჩევნო პლაკატების გამოფენისას უზრუნველყოფილი იყოს თანაბარი პირობებით.
კანონით დასჯადია საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება, თუ ისინი აკრძალულ ადგილებში არ არის გაკრული.
კანონში ნათლად განისაზღვრა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის ამომრჩეველთა ერთიანი სიის დასაზუსტებლად საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, აგრეთვე საქართველოს საარჩევნო კოდექსის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტის “ა”-“გ” ქვეპუნქტებში მითითებული დაწესებულებები 2012 წლის 15 ივლისს საარჩევნო უფლების მქონე პირთა შესახებ, ხოლო იმავე პუნქტის “ვ” და “ზ” ქვეპუნქტებში მითითებული დაწესებულებები – ამ პუნქტით განსაზღვრულ ვადებში საარჩევნო უფლების არმქონე პირთა შესახებ განახლებულ ან ახალ მონაცემებს გადასცემენ ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიას;
საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები არა უგვიანეს 2012 წლის 1 ივლისისა ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიასა და ცესკოს გადასცემენ მონაცემებს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს სამხედრო (გასამხედროებული) ძალებისა და შენაერთების იმ ვადიანი და საკონტრაქტო სამსახურების სამხედრო მოსამსახურეთა შესახებ, რომელთა სამსახურის პირობები მოითხოვს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილისაგან განსხვავებულ მისამართზე, რომელიც სხვა საარჩევნო ოლქს მიეკუთვნება; საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო 2012 წლის 15 ივლისს ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიას გადასცემს მონაცემებს საარჩევნო უფლების მქონე იმ პირთა შესახებ, რომელთაც ჩადენილი აქვთ ნაკლებად მძიმე დანაშაული; საქართველოს საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელები კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-20 დღისა ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიასა და ცესკოს გადასცემენ ამ კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტით განსაზღვრულ მონაცემებს.”;
კანონის ამ მუხლს მეცხრე პუნქტს დაემატა 9′-9”პუნქტები, რომლის თანახმად, ამ მუხლის მე-10 პუნქტში აღნიშნულ სიაში, ამ კანონით დადგენილ ვადაში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის გადაწყვეტილებით, გრაფაში “ფაქტობრივი მდგომარეობა”, იმ ამომრჩევლის გვარის გასწვრივ, რომლის საზღვარგარეთ ყოფნა დასტურდება იმავე მისამართზე რეგისტრირებული პირის განცხადებით, შეიტანება ჩანაწერი “არის საზღვარგარეთ”.
ამავე სიაში განსხვავებული ჩანაწერით – “რეგისტრაციის მისამართიდან მოხსნილია” – შეყვანილი იქნებიან ამომრჩევლები: ა) რომელთა რეგისტრაციის მისამართზე ცხოვრების ფაქტი არ დასტურდება იმავე მისამართზე რეგისტრირებული პირის განცხადებით; ბ) რომელთა რეგისტრაცია გააუქმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ.
ამ მუხლის 9’პუნქტით განსაზღვრული ამომრჩევლები 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმას აძლევენ ბოლო რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ასეთი ამომრჩევლები საარჩევნო კომისიებისთვის განკუთვნილ და საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ამომრჩეველთა სიების ვერსიებში შეყვანილი იქნებიან ანბანურად დალაგებული სიების შემდეგ. ამ პუნქტით განსაზღვრული ამომრჩევლები მონაწილეობენ როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში.;
კანონში ჩაიწერა ისიც, რომ ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის წევრები და რეგიონალური წარმომადგენლობების უფროსები უფლებამოსილი არიან, არჩევნებამდე არა უგვიანეს მე-14 დღის შემდეგ, კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე განახორციელონ ამომრჩეველთა ერთიანი სიის მონიტორინგი ნებისმიერ დროს, მათ შორის, კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე.
ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის უფლებამოსილების ვადა 2012 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განესაზღვრა.
კანონს დაემატა შემდეგი შინაარსის 185′ მუხლი, რომელსაც ივანიშვილის მუხლსაც უწოდებენ.
მუხლი 185. საარჩევნო უფლება გარდამავალ პერიოდში
1. 2014 წლის 1 იანვრამდე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად შესაბამისი ასაკიდან აქვს პირს, რომელიც დაბადებულია და ბოლო 5 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობს საქართველოში და საქართველოს კონსტიტუციის 1044 მუხლის ამოქმედების მომენტისათვის აქვს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა. 2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირზე სრულად ვრცელდება ამ კანონით და “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული უფლებები და მოვალეობები, რომლებიც მინიჭებული/დაკისრებული აქვს საქართველოს მოქალაქეს.
3. ამ კანონით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქის პასპორტისა და პირადობის მოწმობის ნაცვლად ამ მუხლით გათვალისწინებული პირი იყენებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს პასპორტს.
4. ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისია უფლებამოსილია ამომრჩევლად დაარეგისტრიროს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. აღნიშნული პირი რეგისტრირდება საქართველოში მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ადმინისტრაციული ორგანოს წარდგინების ან საკუთარი განცხადების საფუძველზე.”