ამასთან დაკავშირებით, “გურია ნიუსმა” კომენტარის გაკეთება სახალხო დამცველის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს ნინო ერემაშვილს სთხოვა.
_ ქალბატონო ნინო, მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ 21 წლის პატიმარი გლდანის #8 საპყრობილეში გარდაიცვალა…
კითხვა არ დაგვასრულებინა: _ მე-8-ში არა, #18 სამკურნალო დაწესებულებაში. მე ასე მოვისმინე. ირმა, ძალიან დიდი ბოდიში, ხვალ დამირეკეთ. დღეს არ არის სამუშაო დღე და ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ.
_ ქალბატო ნინო, მესმის, რომ არასამუშაო დღეა. გირეკავთ იმიტომ, რომ ციხეში ადამიანი გარდაიცვალა. თანაც, გუშინწინ, საღამოს, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გლდანის #8 საპყრობილეში ბუნტი მოხდა და იყვნენ გარდაცვლილები. ამ საკითხზე, ჩვენთვის გაკეთებულ კომენტარში აღნიშნეთ, რომ საპატიმროში თქვენი წარმომადგენლები იყვნენ შესულები და დააზუსტეთ, რომ ციხეში სიმშვიდე იყო და პრობლემებს ადგილი არ ჰქონია
_ მე-8 დაწესებულებაში არანაირი პრობლემა არ იყო. კონკრეტულ ამ საკითხთან დაკავშირებით დამირეკეთ ხვალ! ძალიან გთხოვთ!
_ ე.ი. თქვენ ამბობთ, რომ მე-18 დაწესებულებაში იყო ეს ფაქტი და ამის გამო არ იცოდით ეს ინფორმაცია?
_ დამირეკეთ ხვალ! არაფერს არ ვგულისხმობ! ვერანაირ კომენტარს დღეს ვერ გავაკეთებთ.
_ კარგით.
_ თქვენ ოჯახი გყაავთ?! შვილები გყაავთ?!
_ რას გულისხმობთ ქალბატონო ნინო?
_ არა. თუ გყავთ,-მეთქი, პირადი ცხოვრება თუ გაქვთ?! დღეს მე ვერაფერს ვერ გიპასუხებთ.
_ პირადი ცხოვრება რა შუაშია, ქალბატონო ნინო. თქვენ ხართ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი.
კითხვა ისევ არ დაგვასრულებინა: _ გასაგებია! მე ძალიან კარგად ვიცი, ვინ ვარ! მაგ საკითხზე კომენტარისთვის დამირეკეთ ხვალ!
_ თქვენ ხართ ჟურნალისტი. მეც ვარ ჟურნალისტი. მივიღე ინფორმაცია, გირეკავთ თქვენ. ვის უნდა დაურეკო?
_ კი, ბატონო, მაგრამ გეუბნებით _ დამირეკეთ ორშაბათს. კონკრეტული და ამომწურავი ინფორმაცია… დამირეკეთ ორშაბათს!