მათ შემოიარეს მთელი პერიმეტრი; ბოგდან ხმელნიცკის #42-ში მდებარე ტერიტორია, რომლის დასალუქად და სამუშაო პროცესის შესაჩერებლად ეროვნული აღსრულების ბიუროს წარმომადგენლები მივიდნენ, 2013 წლის მაისამდე იჯარით შპს “ელიტა ბურჯს” აქვს აღებული.
“ელიტა ბურჯს”, შპს “ბურჯისგან” დაქირავებული აქვს აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთი, ადმინისტრაციული და სხვადასხვა შენობა ნაგებობებით, სადაც განლაგებულია “ელიტა ბურჯის” საწარმოო დაზგა-დანადგარები, მიმდინარეობს სამუშაო პროცესი და დაახლოებით 645-მდე ადამიანია დასაქმებულია.
ბიუროს წარმომადგენლები მოითხოვდნენ შეჩერებულიყო ხის გადამამუშავებელი და მეტალოპლასტმასის საამქროს სამუშაო პროცესი, თუმცა, კანონმდებლობის მიხედვით, ისინი ვალდებული იყვნენ წარმოედგინათ შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტი. “ელიტა ბურჯის” იურისტი იმედა ნიკურაძე სწორედ სამუშაო პროცესის შეჩერების სამართლებრივ დოკუმენტს ითხოვდა, მაგრამ ბიუროს წარმომადგენელებმა ოფიციალური დოკუმენტი ვერ წარმოადგინეს და ავტომატურ რეჟიმში, როგორც დღეს მიღებულია, იმეორებდნენ: “მიმართეთ ჩვენს პრეს-სამსახურს”.
ოფიციალური დოკუმენტაციის არარსებობის გამო, “ელიტა ბურჯმა” საწარმოო სამუშაო პროცესი არ შეაჩერა.
“ელიტა ბურჯის” ეზოში, ბიუროს რამდენიმე წარმომადგენელი და შავმაისურიანი ორი ადამიანი იმყოფებოდნენ, რომლებიც, ყოველ 15 წუთში ერთხელ, ტელეფონით უკავშირდებოდნენ გაურკვეველ პირს და საუბრიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, გარკვეულ ინფორმაციებს აწვდიდნენ. ერთ-ერთი შავმაისურიანი პიროვნება, რამდენჯერმე გავიდა “ელიტა ბურჯის” ეზოდან.
“გურია ნიუსი” დაინტერესდა მისი ხშირი შესვლა-გამოსვლით და ერთ-ერთი გასვლის დროს, დააფიქსირა რომ, იგი ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის 42-ე ნომრის მოპირდაპირე მხარეს გადადიოდა და იქვე მდგომ თეთრი ფერის ავტომანქანაში მჯდომ ადამიანს ესაუბრებოდა.
ეზოში, აღსრულების ბიუროს წარმომადგენლები “ელიტა ბურჯის” იურისტს იმედა ნიკურაძეს ესაუბრებოდნენ და მოლაპარაკებას სთავაზობდნენ. მოგვიანებით კი, საწარმოში გენერალური დირექტორი თენგიზ გვაზავა მოვიდა, რის შემდეგაც იურისტმა მოლაპარაკებები დაიწყო.
აღსანიშნავია ერთი დეტალი: აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებს ერთი წუთითაც არ დაუტოვებიათ “ელიტა ბურჯის” ეზოს ტერიტორია და მოლაპარაკების მაგიდასთან ოფიციალურად არ დამსხდარან _ იურისტი ნიკურაძე “ელიტა ბურჯის” ადმინისტრაციული შენობიდან რამდენჯერმე გამოვიდა და თავისი ხელმძღვანელობის დანაბარები გადასცა მათ.
მოლაპარაკების შედეგის გაცნობას “ელიტა ბურჯის” ეზოში, ბეტონის ღობის ბორდიურთან, ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად, ორი შავმაისურიანი პირიც ესწრებოდა.
ბიუროს წარმომადგენელმა ირაკლი გიორგობიანმა “გურია ნიუსს” თხოვნით მიმართა, დაგვეტოვებინა ის ადგილი, სადაც მოლაპარაკების შედეგი უნდა მოესმინათ და გვითხრა: “ჩვენს პრეს-ცენტრს დაუკავშირდით და ის გეტყვით ყველაფერს”.
გიორგობიანს ავუხსენით, რომ ის და მისი თანამშრომლები არ იმყოფებოდნენ დახურულ სივრცეში და არც მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ოფიციალურ, დახურულ ფორმატში; ამდენად, იმისთვის, რაც თავადვე შეგვეძლო ჩვენი ყურით მოგვესმინა, რა საჭირო იყო პრესსამსახურის შეწუხება, მითუმეტეს, პრესსამსახურის წარმომადგენლები, ჩვენგან განსხვავებით იქ არ იმყოფებოდნენ!
“ელიტა ბურჯის” იურისტმა ბიუროს წარმომადგენლებს, ამავე კომპანიის დირექტორის თენგიზ გვაზავას დანაბარები გადასცა, რომ კომპანია უარს აცხადებდა ტერიტორიაზე დაცვის თანამშრომლების შემოშვებას მანამ, სანამ აღსრულების ეროვნული ბიურო არ წარმოადგენდა ოფიციალურ წერილს; ასევე, არ იქნება წერილობით წარმოდგენილი დაცვის რამდენი თანამშრომლის შეყვანას ითხოვენ ისინი და ასევე, რა ფორმით მოახდენს ობიექტის დაცვას მათ მიერ მოყვანილი დაცვის თანამშრომლები. ბიუროს წარმომადგენელმა ირაკლი გიორგობიანმა რამდენიმე წუთში სატელეფონი ზარი განახორციელა, რის შემდეგაც იურისტს უთხრა: გადავეცი, რომ თქვენ ითხოვთ სამართლებრივ აქტს და ვადებს.
“ელიტა ბურჯის” ეზოში შეიკრიბნენ მუშები, რომლებიც აღსრულების ეროვნული ბიუროდან ოფიციალურ წერილს ელოდებოდნენ. მოგვიანებით, ეზოში ბიუროს რამდენიმე წარმომადგენელი მოვიდა, თუმცა მათ არანაირი ოფიციალური დოკუმენტი არ მოუტანიათ და განაცხადეს, რომ საჭიროც არ იყო, რადგან “მათი “ელიტა ბურჯში” ყოფნა კანონიერია”.
მუშებმა, იურისტმა და საწარმოს გენერალურმა დირექტორმა ბიუროს წარმომადგენლებს ოფიციალური დოკუმენტის წარმოდგენამდე ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. ცხადია, ბიუროს წარმომადგენლებმა არ დატოვეს ტერიტორია, რის შემდეგაც “ელიტა ბურჯის” იურისტმა და თანამშრომლებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.
საპატრულო პოლიცია რამდენიმე წუთში მოვიდა, რომელსაც ეზოში რამდენიმე ათეული დაცვის პოლიციის თანამშრომელი შემოჰყვა. პატრულმა ახსნა-განმარტება ორივე მხარის წარმომადგენლებს მედიის წინაშე ჩამოართვა. ახსნა-განმარტების ჩამორთმევის შემდეგ, საპატრულო პოლიციამ დატოვა აღნიშნული ტერიტორია.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 17-საათიანი ყოფნა “ელიტა ბურჯის” ტერიტორიაზე, ღამის 2 საათზე დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ “ელიტა ბურჯში” ბიუროს წარმომადგენლების და დაცვის პოლიციის ყოფნის დროს, არანაირ პროვოკაციას ადგილი არ ჰქონია.
“გურია ნიუსი” ეზოში მიმდინარე პროცესებს ფოტოკამერით აფიქსირებდა. მოგვიანებით კი, ჩვენც აღმოვჩნდით ბიუროს თანამშრომლის ფოტოობიექტივში _ ბიუროს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ფოტოები გადაგვიღო, თუმცა ჩვენს შეკითხვაზე, რაში სჭირდებოდა ჩვენი ფოტოსურათები, არ გვიპასუხა და მობილური ტელეფონის და ფოტოკამერის დამალა.
პოლიციელი სამოქალაქო ფორმაში “ელიტა ბურჯის” ეზოში ბრუნდება
საღამოს აღმასრულებლების რაოდენობა გაიზარდა
პატრული თანამშრომელი და ირაკლი გიორგობიანი
მოლაპარაკება “ელიტა ბურჯის” ეზოში
ამ სამოქალაქო ტანსაცმლიან პოლიციელს ეზოს გარეთ გაჰქონდა ინფორმაცია
“ელიტა ბურჯის” იურისტი იმედა ნიკურაძე და აღსრულების ბიუროს წარმომადგენელი