მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ დაიბარეს ის ცენტრალური ოფისში და უთხრეს, დაეხურათ რეგიონული შტაბები, რადგან ისინი არ აპირებდნენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და ზედმეტი ხარჯების თავიდან აცილების მიზნით მიიღეს ოფისების დახურვის გადაწყვეტილება.
რომან ჩხაიძე, რომელსაც “ქართული ოცნების” ქობულეთის ორგანიზაციის წინ შევხვდით, ამბობს, რომ ისინი “ქართული ოცნების” გვერდით დადგებიან და მხარს დაუჭერენ მათ სამომავლო გეგმების განხორციელებაში.
„ახლა უმოქმედოდ ყოფნის დრო არ არის, ამიტომ ჩვენ დავდგებით რეალური ოპოზიციური ძალის გვერდით და მათთან ერთად ვიბრძოლებთ არსებული რეჟიმის წინააღმდეგ“, _ განუცხადა რომან ჩხაიძემ „გურია ნიუსს“.
შეგახსენებთ, რომ დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე, „დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ სპეციალური განცხადება გააკეთა: „ჩვენ, ამ ეტაპზეც უარს ვამბობთ საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებზე, რათა არ შევუწყოთ ხელი ოპოზიციურ ფლანგზე ერთმანეთისთვის ხმების წართმევას. პარტიამ მიიღო მძიმე და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ამ ვითარებაში, არ მივიღოთ მონაწილეობა 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში.მიუხედავად იმისა, რომ ცესკოში გავიარეთ ყველა პროცედურა და ნომერიც მოგვენიჭა და ეს გახლავთ #8“, _ განაცხადა ბურჯანაძემ და ოპოზიციას წარმატებები უსურვა.