9 აგვისტოს ურეკში ერთ-ერთ რიგით შეხვედრის დროს კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მოულოდნელად გამოჩნდა, რომელმაც ისაუბრა გურულებზეც, ომზეც და პირდაპირ ღია მხარდაჭერა გამოუცხადა ზვიად კვაჭანტირაძეს. მან თავის გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ რაც ინფორმაციები ვრცელდებოდა ბოლო დღეების განმავლობაში ზვიად კვაჭანტირაძესთან დაკავშირებით, ჭორია _ მისი კანდიდატურის შეცვლას არავინ აპირებს. 11 აგვისტოს, კოალიცია “ქართული ოცნების” ოზურგეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ ქალაქის უბნებში საარჩევნო შეხვედრები პირველად, თავისი მშობლიური უბნიდან დაიწყო. მაჟორიტარმა დეპუტატმა სამომავლო გეგმებზე, არჩევნებზე, განათლების სისტემაზე, ჯანდაცვის რეფორმებზე ისაუბრა.
შეხვედრის დაწყებამდე, რამდენიმე წუთით ადრე, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ქალაქ ოზურგეთის რწმუნებული კახა მეგრელიშვილი და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი შუქრი გაბრიჩიძე იქვე ახლოს გაჩნდნენ, სადაც ხეების გადამორვა მათ მიერ მოყვანილმა მუშებმა მას შემდეგ დაიწყეს, როდესაც შეხვედრა უნდა დაწყებულიყო. კახა მეგრელიშვილისგან ასეთი კომენტარი მივიღეთ: _ დღითიდღე მოსასწრებია ხეების მოჭრა, რადგან ხელს უშლის რუსთაველის ქუჩაზე დაწყებულ სარემონტო სამუშაოებს.
ის და გაბრიჩიძე გულდასმით ადევნებდნენ თვალს ზვიად კვაჭანტირაძის შეხვედრას. შეხვედრის დროს, ერთ-ერთმა ქალბატონმა მას ასე მიმართა: _ თქვენ უკეთესად გააკეთებთ ვიდრე სააკაშვილი აკეთებს? არაფერსაც არ გააკეთებთ, ყველამ არჩევნებზე იცის დაპირება, მაგრამ მერე როცა არჩევნები დამთავრდება არაფერი არაა გაკეთებული. ყველამ ასე იცის დაპირება. .
“ეს შემოგზავნილია, 20 ლარად გაყიდა სინდისი”, _ იძახდნენ შეკრებილები. .
კვაჭანტირაძემ ისაუბრა იმაზეც, რომ მისი ინფორმაციით ბევრი საჯარო მოხელე ბოლო წუთს “ქართულ ოცნებას” შეუერთდება: “პირველი ვინც შემოგვიერთდება, ეს იქნება სახელმწიფო სამსახურების სექტორიდან, მე არ მინდა დავაკონკრეტო, მაგრამ მე ამის სიგნალები მაქვს, ყველას ხომ ვერ დააპატიმრებენ? ჩვენთვის ცნობილია ასევე, რომ 5 000 პოლიციელმა დატოვა სისტემა და წამოვიდა, ზოგი ვერ ტოვებს, მაგრამ ვიცით, რომ ჩვენს მხარეზე არიან. ბევრი მეკითხება, თუ გვავიწროვებენ, თუ დაგვდევს პოლიცია, ჩვენ არ გვინდა ტყუილზე ავაგოთ საარჩევნო კამპანია, ჩვენ კოალიციის წევრებს ოზურგეთში ნამდვილად არავინ, არც ერთი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი არ გვავიწროვებს, თუმცა, ამისთვის მათ ნამდვილად ვერ გადავუხდით მადლობას. უბრალოდ, ზღვარს არ გადადიან, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მსგავს დავალებებს იღებენ, მაგრამ ის ზუსტად ვიცით, რომ ფარდის მიღმა სულ სხვა რამ მზადდება. რაც იგეგმება, ყველაფრის საქმის კურსში ვართ. სექტემბერში უფრო გამძაფრდება ეს ბრძოლა, თითოეული ჩვენგანის ტელეფონს უსმენენ, ყველა საუბარს, ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, ნებისმიერ ჩემს სატელეფონო საუბარს უსმენენ, რომელსაც მერე დაამონტაჟებენ და ერთ დღესაც იხილავთ ალბათ ჩანაწერებსაც”, _ თქვა კვაჭანტირაძემ.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრის პროცესს საერთო საცხოვრებელი სახლიდან გულდაგულ აკვირდებოდნენ საჯარო მოხელეები.
შეხვედრა საათნახევრის განმავლობაში გაგრძელდა.