ჩვენ შევეცადეთ დაცვის თანამშრომლებიდან გაგვერკვია, რატომ არ გვაძლევდნენ გამგეობის შენობაში მუშაობის საშუალებას. დაცვის თანამშრომლის პასუხი იყო, რომ მათ ხელმძღვანელობამ უბრძანა ასე.
დაცვის სამსახურის უფროსი ჭყონია კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ჟურნალისტების შენობაში შესვლის მცდელობას. მისი თქმით, თუ გამგეობის პრესსამსახურის უფროსი ეთერ ჭყონია უზრუნველყოფდა ჩვენს შეშვებას, მხოლოდ ამის შემდეგ მოგვეცემოდა შენობაში მუშაობის საშუალება. ჩვენ დავუკავშირდით ეთერ ჭყონიას, რომელთანაც სატელეფონო საუბრის შემდეგ დაცვის უფროსმა კონკრეტულად “გურია ნიუსის” ჟურნალისტი შენობაში შეუშვა.
მუშაობის პროცესში, ჩვენთან მოვიდა თავად პრესსამსახურის უფროსი. ჩვენს კითხვაზე, რატომ არ გვაძლევდნენ ჟურნალისტური საქმიანობის გახორციელების საშუალებას, ეთერ ჭყონიამ გვიპასუხა, რომ ჩვენთვის ხელი არავის არ შეუშლია. პრესცენტრის ხელმძღვანელი შესამჩნევად ნერვიულობდა.

































































