“ჩვენ იმისთვის მოვდივართ ხელისუფლებაში, რომ დამსახურება არ დაეკარგოს არც ერთ ჩვენს მოქალაქეს, მით უფრო, სახელმწიფოსთვის თავდადებულ ჯარისკაცსა და პოლიციელს. ოფიცერი თუ ჯარისკაცი ის ადამიანია, რომელიც მზადაა სიცოცხლე გაიღოს თავისი ქვეყნისა და ხალხის დასაცავად. ისინი თავს სწირავენ სხვა ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად, ქვეყნის გადასარჩენად.
ამაზე მეტი კეთილშობილება რა უნდა იყოს, ხალხო! და როგორ შეიძლება, ეს თავგანწირვა, ეს კეთილშობილება არ დავუფასოთ ჩვენს სამხედროებს! ჩვენო საიმედო ოფიცრებო და ჯარისკაცებო, არასოდეს არ უნდა დაივიწყოთ, რომ თქვენ მხოლოდ და მხოლოდ ხალხსა და ქვეყანას იცავთ და ემსახურებით, და არა რომელიმე ხელისუფლებას. პირიქით, ხელისუფლება თავად უნდა ემსახუროს თავის თავდადებულ მეომრებს და მათ ოჯახებს. და ეს ასეც იქნება, როცა ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში.
ამიტომ მე მჯერა თქვენი, მე მჯერა, რომ თქვენ ყოველთვის თქვენი ხალხისა და ქვეყნის სადარაჯოზე იდგებით და არასოდეს შეასრულებთ არც ერთ უკანონო ბრძანებას, არც ერთ დანაშაულებრივ დავალებას, ვისგანაც არ უნდა მიიღოთ ის.
ჩვენო პოლიციელებო! თქვენ ფიცი გაქვთ დადებული, რომ დაიცავთ საქართველოს – სახელმწიფოს და არა ამ ბინძურ ბანდას, სააკაშვილის ხელისუფლება რომ ჰქვია! ნუ შეასრულებთ უკანონო ბრძანებებს! ნუ აღმართავთ ხელს თქვენი ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ, თქვენ მაინც ნუ დაამცირებთ, ნუ აჰყრით ღირსებას თქვენივე ძმებსა და დებს!
ხომ ნახეთ, როგორც კი დასჭირდათ, სასწრაფოდ შეახოცეს ხელი შემსრულებლებს!
ნურაფრის შეგეშინდებათ! ეს ყველაფერი სადაცაა წარსულს ჩაბარდება, ცოტაც უნდა გავუძლოთ, ყველამ ერთად! თუ თქვენ არ შეასრულებთ უკანონო ბრძანებებს, თქვენ მხარეს იქნება კანონი! თქვენ მხარეს იქნება სამართლიანობა!
მე მჯერა, რომ თქვენ იდგებით ხალხის სამსახურში, დაიცავთ მას, თქვენ ხომ სიცოცხლესაც არ დაიშურებთ მისთვის! ამას აუცილებლად დაგიფასებთ ჩვენ, თქვენი ხალხი! სწორედ ამის ეშინია სააკაშვილს, ეშინია, რომ, თუ საქმე საქმეზე მიდგება, პოლიცია კანონს, სამართლიანობასა და ხალხს დაიცავს. ჩვენ თქვენი გვჯერა!“ _ განაცხადა ივანიშვილმა.