ჩატაევს, რომელიც 7 სექტემბერს, ლაფანყურის სპეცოპერაციიდან მეათე დღეს საკუთარი ნებით ჩაბარდა მესაზღვრეებს, ორი ხელყუმბარის უკანონო შეძენა-შენახვასა და ტარებაში ედება ბრალი. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. მისი ადვოკატის მურად პოპიაშვილის თქმით, საქმე ისე წარიმართა სასამართლოში, რომ პროკურატურას ჩატაევი არც კი დაუკითხავს. ამის მიზეზი, შესაძლოა, ის უმძიმესი ოპერაცია გამხდარიყო, რომელიც დაჭრილ ჩატაევს დაკავების შემდეგ ჩაუტარდა _ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის გართულების შემდეგ, მას კიდურის ამპუტაცია დასჭირდა.
ბრალდების მხარემ დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებათა ის ნუსხა ჩამოთვალა, რაც, მათი აზრით, ჩატაევის ბრალეულობას ადასტურებს _ მოწმე მესაზღვრეების ჩვენებები, რომლებმაც გამოძიების დროს განაცხადეს, რომ ჩატაევს დაკავებისას ჯიბიდან ხელყუმბარები ამოუღეს; ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ხელყუმბარები გამოსაყენებლად ვარგისია; ჩხრეკის და დაკავების ოქმები. სხვა რაიმე სახის მტკიცებულება აღნიშნულ საქმეში არ მოიპოვება.
ახმედ ჩატაევის ადვოკატი ნინო ანდრიაშვილი აცხადებს, რომ მომავალ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარეს ეს მტკიცებულებებიც აღარ შერჩება, რადგან მესაზღვრეებმა მედიასაშუალებებთან უკვე აღიარეს, რომ ჩატაევის საწინააღმდეგო ჩვენებები ზეწოლით მიაცემინეს და დაკავებული შეიარაღებული არ ყოფილა.
მომავალ სასამართლო პროცესზე, რომელიც 26 ნოემბერს ჩაინიშნა, ბრალდების ძირითად მოწმეებს _ მესაზღვრეებს დაკითხავენ. გამორიცხული არ არის, რომ ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე მათ წინააღმდეგ საქმეც აღიძრას, თუმცა, როგორც ჩატაევის დაცვა ვარაუდობს, სასჯელი მინიმალური იქნება. მომდევნო პროცესზე სავარაუდოდ ჩატაევსაც დაჰკითხავენ. მისი ადვოკატების განცხადებით განსასჯელი მზად არის, სასამართლოს სრულფასოვანი ჩვენება მისცეს და დეტალურად გაიხსენოს, როგორ აღმოჩნდა ის ლოპოტას ხეობაში: “ჩატაევი იტყვის, როგორ მიაკითხეს მას ოფიციალური სტრუქტურების თანამშრომლებმა და შუამავლობა სთხოვეს შეიარაღებულ პირებთან; ასევე, იტყვის, რომ ლოპოტას ხეობაში ის თავად ამ პირების მანქანით მივიდა, მაგრამ მოსალაპარაკების დროს მოულოდნელად გაიხსნა ცეცხლი და დაჭრილი ჩატაევი ორივე მხარემ მიატოვა _ შეიარაღებულმა პირებმაც და ოფიციალურმა სტრუქტურებმაც. მთელი 10 დღის განმავლობაში, დაჭრილი ჩატაევი სამართლადამცავებთან შეხვედრას ცდილობდა, ბოლოს კი მესაზღვრეებმადე მიაღწია და ჩაბარდა. რომელი ჭკუათმყოფელი იქნებოდა ამ დროს შეიარაღებული?” _ აცხადებს ადვოკატი მურად პოპიაშვილი.
ახმედ ჩატაევის საქმეს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძე იხილავს.