“გურია ნიუსის” ინფორმაციით, მადლიერების ამ გრძნობის გარეშე ზურაბ ადეიშვილს არც მისი პირადი თანაშემწე, მანანა სარაჯიშვილი დაუტოვებია. ჩვენი წყაროს ცნობით, სწორედ ადეიშვილის თანაშემწე მანანა სარაჯიშვილი დაინიშნა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, კოტე კუბლაშვილის მოადგილის, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარის, ვასილ როინიშვილის მთავარ სპეციალისტ-რეფერენტად.
მანანა სარაჯიშვილი ამ პოზიციაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, 2012 წლის 7 ნოემბრის ბრძანებით დაინიშნა.
ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მანანა სარაჯიშვილი ზურაბ ადეიშვილის პირადი თანაშემწე იყო, “გურია ნიუსთან” იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიც ადასტურებს. მათი განმარტებით, მანანა სარაჯიშვილმა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა იუსტიციის სამინისტრო. თეა წულუკიანის მინისტრობის პერიოდში იქ აღარ უმუშავია.
კოტე კუბლაშვილის ორი მოადგილე, ვასილ როინიშვილი და მიხეილ ჩინჩალაძე (ეს ის ყოფილი პროკურორია, რომელმაც სასამართლო პროცესზე დუმილის უფლება გამოიყენა. ავტ.) პროკურატურის კადრები რომ არიან, ამაზე არაერთგზის ითქვა და დაიწერა.
მათი სამუშაო ბიოგრაფიების დიდი ნაწილი სწორედ პროკურატურაში განვლილ გზას უკავშირდება.
ვასილ როინიშვილი ზურაბ ადეიშვილის მინისტრობის პერიოდში, 2008-2009 წლებში, მთავარი პროკურორის მოადგილე იყო. 2006 – 2008 წლებში , აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი; 2004 – 2006წლებში – საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი; 2004 წელს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში მუშაობდა;
2003 – 2004 წლებში – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო; 2003 წელს კი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკადრო საკითხთა დეპარტამენტის უფროსი.
ასე რომ, საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა, საკუთარი კადრი მთავარი სპეციალისტ-რეფერენტის მოვალეობის შემსრულებლად აირჩია და მისი დანიშვნის შესახებ კუბლაშვილის ბრძანებამაც არ დააყოვნა.
საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი, ამ ბრძანების საფუძველი თავად მანანა სარაჯიშვილის განცხადება ყოფილა. საინტერესოა, სხვა განცხადებებიც ასე მყისირად კმაყოფილდება თუ უზენაეს სასამართლოში პრიორიტეტი კვლავ ადეიშვილის “სკოლაგავლილებს” აქვთ?