ამ საკითხთან დაკავშირებით, გურიის რეგიონის სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსმა ვასილ ხომერიკმა ბუნდოვანი და ორაზროვანი პასუხი გაგვცა, ეს პირადი ინფორმაციაა და გასაჯაროებას ვერ მოვახდენო(?). არ დაგვიდასტურა (ან დაგვიმალა. ავტ) ის ფაქტი, რომ სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის თავმჯდომარის ავთანდილ ვასაძისგან მიიღეს ასეთი ბრძანება. ეს ინფორმაცია “გურია ნიუსს” იქვე, ერთ-ერთმა თანამშრომელმა მიაწოდა, რომლის ვინაობითაც შემდეგ ვასილ ხომერიკი დაინტერესდა.
რაკი ადგილზე დაზუსტებული პასუხი ვერ მივიღეთ, იმავე დღეს დავუკავშირდით ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელს სოფო გვალიას, რომელიც შეგვპირდა ამ ინფორმაციის დაზუსტებას.
მიუხედავად ხანგრძლივი ლოდინისა და ჩვენს მიერ გახორციელებული არაერთი ზარისა, სოფო გვალიამ აღარ გვიპასუხა. ოპერატორი გვპირდებოდა მხოლოდ, რომ პრესსამსახურის ხელმძღვანელი დაგვიკავშირდებოდა და აუცილებლად მოგვაწვდიდა დაზუსტებულ ინფორმაციას, მაგრამ უშედეგოდ. ამასობაში კი გაურკვეველ მდგომარეობაში მყოფი დირექტორები, რომლებსაც „ერთგვარ ცოდვად აჰკიდეს“ დამსახურებულად მიღებული პენსია, პასუხს ელიან და სურთ გაერკვნენ, რატომ თხოვენ უკან ხუთი თვის პენსიას; თუ ამის აღება არ შეიძლებოდა, რატომ არ უთხრეს თავის დროზე და არის თუ არა ეს მათი უფლებების შელახვა?
14 ნოემბერს, ჩვენ კვლავ დავუკავშირდით სოფო გვალიას, რომელსაც შევახსენეთ მოცემული პირობა იმის შესახებ, რომ ინფორმაციას მოგვაწვდიდა. თავისი რამდენიმედღიანი უპასუხობა მან იმით ახსნა, რომ ქალაქიდან იყო გასული.
სოფო გვალია კვლავ შეგვპირდა, რომ დაგვიზუსტებდა, რა ბრძანებაზე საუბრობდნენ სკოლის დირექტორები.
16 ნოემბერს “გურია ნიუსი” კვლავ დაუკავშირდა სოფო გვალიას. არაერთი ზარის შემდეგ, ყურმილი მისმა თანამშრომელმა აიღო, რომელიც მარიკა ცაგარეიშვილად გაგვეცნო.
_ სოფო გვალიას თანამშრომელი ვარ, მისი ტელეფონიდან გისმენთ.
_”გურია ნიუსის” ჟურნალისტი გაწუხებთ. ჩვენ უკვე არაერთხელ დავრეკეთ სამინისტროში, ოზურგეთის საჯარო სკოლებში მომუშავე დირექტორების შესახებ, რომლებსაც ივნისის თვიდან დღემდე აღებული პენსიის სახელმწიფოსთვის უკან დაბრუნებას სთხოვენ. სოფო გვალია შეგვპირდა ამ საკითხზე კონკრეტული პასუხის გაცემას, მაგრამ დღემდე ვერ ვუკავშირდებით.
_ალბათ, წერილობით რომ შემოვიდეს იმ დირექტორებისგან განცხადება, უფრო კარგი ვარიანტი იქნება. ეს ჩვენი სამსახურის გასაკეთებელი არ არის და ასე ყურმოკვრით ამის გაკეთება არ შეიძლება. სკოლის დირექტორებმა ოფიციალურად უნდა მოგვმართონ და მიიღებენ ოფიციალურ პასუხს.
_სანამ ოფიციალურად მოგმართავენ და პასუხს დაელოდებიან, თქვენ არ შეგიძლიათ, უფრო ოპერატიულად მოგვაწოდოთ ინფორმაცია ამის შესახებ? ამ ადამიანებს ამავე თვის ხელფასზე უკვე გადაახდევინებენ თანხის ნაწილს და რამდენად კანონიერია ეს?
_ ამაზე მე ახლა ვერ გაგცემ კონკრეტულ პასუხს.
_ ვინ გამცემს კონკრეტულ პასუხს?
_ ამიტომ გეუბნებით, რომ დირექტორებმა დაწერონ განცხადება და შემოიტანონ. აქ სხვადასხვა სამსახურებია და ოფიციალურად როცა შემოვა წერილი, იმის მიხედვით დაევალება შესაბამის სამსახურს და გაეცემა პასუხი.
ოფიციალური პასუხების გაცემისა და ოფიციალური წერილების შეტანის პრაქტიკის შესახებ ჩვენც “გვსმენია,” ვიცით ისიც, რომ ამა თუ იმ საკითხზე სხვადასხვა სამსახურებს ევალებათ პასუხის გაცემა, მაგრამ ზუსტად ვიცით ისიც, რომ პრესსამსახური სწორედ იმიტომ არსებობს, რომ ერთი კვირის განმავლობაში მაინც უზრუნველყოს ერთ კონკრეტულ კითხვაზე პასუხის გაცემა მედიის წარმომადგენლებისთვის.
თუმცა, გაცილებით უკეთესი პრაქტიკაც გვქონია, როდესაც ამა თუ იმ უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, რამდენიმე კითხვაზე პასუხის გასაცემად რამდენიმე წუთი დაჭირვებია.
ასე რომ, სკოლის დირექტორები კვლავ გაურკვევლობაში არიან. მედიისთვის პასუხის გაცემა კი თურმე ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის “გასაკეთებელი საქმე არ არის…”
































































